ნეტგაზეთი | “ჩვენ არ ვგზავნით ერთმანეთს ციხეში” — კუბილიუსის მაგალითი ბიძინა ივანიშვილს “ჩვენ არ ვგზავნით ერთმანეთს ციხეში” — კუბილიუსის მაგალითი ბიძინა ივანიშვილს – Netgazeti
Batumelebi | RU

“ჩვენ არ ვგზავნით ერთმანეთს ციხეში” — კუბილიუსის მაგალითი ბიძინა ივანიშვილს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს.

ანდრიუს კუბილიუსი მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მიღწეულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ ამ კრიზისიდან საქართველოს დემოკრატია უფრო გაძლიერებული გამოვა.

“ჩვენ თქვენ გიცნობთ. გვიყვარხართ. ვიცით, რომ ხართ ემოციური ხალხი და ხანდახან ესეც გავლენას ახდენს დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე. ჩვენ ლიეტუვაში საკუთარ თავს ვეძახით ჩრდილოეთის იტალიელებს ან ქართველებს, რადგანაც ჩვენც გვახასიათებს ემოციურობა ჩრდილოელ კოლეგებთან შედარებით. ასე რომ, ერთნაირი პრობლემების წინაშეც ვმდგარვართ”, — განაცხადა კუბილიუსმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!” და ამ კონტექსტში გაიხსენა პოლიტიკური კრიზისი ლიეტუვაში 1990-იანი წლების დასაწყისში.

ევროპარლამენტარის თქმით, მთავრობა და ოპოზიცია ყოველთვის ვერ შეთანხმდებიან, თუმცა არსებობს მათი ურთიერთობის ევროპული, დემოკრატიული წესები.

“მახსოვს ჩემი შეხვედრა “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მაშინ, როდესაც ის კვლავ პრემიერ-მინისტრი იყო და ჩამოვიდა ვილნიუსში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარლამენტში. იქ ვისხედით ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი — მე და ჩემი კოლეგა “სოციალ-დემოკრატებიდან” გედიმინას კირკილასი. მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს: შეხედე, გაჩვენებთ ერთ მაგალითსს — ჩვენ ვჩხუბობთ პლენარულ სესიებზე, საპარლამენტო მოსმენებზე და ზოგჯერ საკმაოდ ემოციურად გამოვხატავთ აზრს, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე გვაქვს სრული თანხმობა, მაგალითად, ევროინტეგრაციაზე, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და როცა მთავრობაში ვართ, ჩვენ არ ვგზავნით ერთმანეთს ციხეში. ეს არის ლიეტუვური პოლიტიკური ცხოვრების წესი”, — განაცხადა კუბილიუსმა და დაძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს მაშინ მისი გზავნილი არ მოეწონა.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში ვილნიუსში 2013 წლის ივლისში იმყოფებოდა.

ანდრიუს კუბილიუსი ორჯერ იყო ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, 1999-2000 და 2008-2012 წლებში. გედიმინას კირკილასი კი ლიეტუვის მთავრობას 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.