ახალი ამბები

ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ უნდა შევიდეს ენმ პარლამენტში

12 მაისი, 2021 • 3551
ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ უნდა შევიდეს ენმ პარლამენტში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, მისი აზრით, ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

პოლიტიკოსის თქმით, პირველივე დღიდან პარლამენტის ბოიკოტის მომხრე იყო და სჯერა, რომ ბოიკოტმა ნიკა მელიას გამბედაობასთან ერთად დიდი შედეგი მოიტანა.

თუმცა, დეკანოიძის თქმით, პარტიების ნაწილის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ სხვა რეალობა დადგა და პარტიამ გადაწყვეტილება ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მივიღოს.

კერძოდ, დეკანოიძის თქმით, თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი მათსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებთან კოორდინაციას. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ეს გარდაუვალი მარცხი იქნება.

ამასთან, ენმ-ის წევრის თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც გულისხმობს “ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის.

დეკანოიძის თქმით, თუ ენმ თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას (მისი თქმით, სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება), პარლამენტიც უნდა გამოიყენონ ამ მიზნისთვის, რადგან თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება:

“პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან; ყველაზე მეტად ვისაც უნდა ენმ-ის გარეთ დატოვება – ქართული ოცნებაა: ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის.

კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გავიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება” ,- ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. ენმ-ის გარეშე კი, მისი თქმით, ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გართულდება გამარჯვება.

მისი თქმით, ენმ-ის ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის:

“ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი. გვაქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წავიყვანოთ და გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მივიღოთ, როგორც 2003-2012 წლებში”, – ამბობს დეკანოიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა ამბობს, რომ თუკი პარტია პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ თავად საკანონმდებლო ორგანოში არშესვლის უფრო ბევრი მიზეზი აქვს, იქ იქნება, სადაც მისი მეგობრები იქნებიან.

მელიას თქმით, მას მოსწონს აზრი იმის შესახებ, რომ პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისე მიიღონ, როგორც მისი თავმჯდომარედ არჩევა გადაწყდა. მელია პარტიის თავმჯდომარედ Facebook-ის ჯგუფში გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.

ენმ-მ პარლამენტში შესვლის საკითხი შესაძლოა, Facebook-ზე გამოკითხვით გადაწყვიტოს

მასალების გადაბეჭდვის წესი