ახალი ამბები

ენმ-მ პარლამენტში შესვლის საკითხი შესაძლოა, Facebook-ზე გამოკითხვით გადაწყვიტოს

11 მაისი, 2021 • 1205
ენმ-მ პარლამენტში შესვლის საკითხი შესაძლოა, Facebook-ზე გამოკითხვით გადაწყვიტოს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მოსწონს აზრი იმის შესახებ, რომ პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისე მიიღონ, როგორც მისი თავმჯდომარედ არჩევა გადაწყდა. მელია პარტიის თავმჯდომარედ Facebook-ის ჯგუფში გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა ამბობს, რომ თუკი პარტია პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ თავად საკანონმდებლო ორგანოში არშესვლის უფრო ბევრი მიზეზი აქვს, იქ იქნება, სადაც მისი მეგობრები იქნებიან.

“მე ვიქნები ჩემს მეგობრებთან ერთად. მე ვიფიქრე და გავაანალიზე, პარტიას გადაწყვეტილება მივაღებინოთ და პარტია შევიდეს ბრძოლის დამატებით ფრონტზე და მე კი ბატონო, უფრო ბევრი მიზეზი მაქვს, თუ რატომ არ უნდა ვიყო იქ[…]

არის მოსაზრება და მე მომწონს ეს იდეა, რომ პარტიამ პარლამენტში შესვლა/არშესვლაზე გადაწყვეტილება მიიღოს გამჭვირვალედ. სწორედ ისე, როგორც მაგალითად, მე ამირჩიეს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ. ასეთ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ გაჩნდება, მოგვეცემა შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა მანამდე, 3-4 დღის განმავლობაში. ჩვენს ამომრჩეველს გავესაუბრებით, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში უნდა ვიყოთ, პარლამენტში ყოფნის უპირატესობას გავაცნობთ საზოგადოებას და პირიქით, ვინც ფიქრობს, რომ ეს სერიოზული ნაკლოვანებაა, ისინი თავიანთ მოსაზრებას გააცნობენ ამომრჩეველს. ამის შემდეგ სულ რაღაც 2-3 დღე დაჭირდება, წარიმართება კენჭისყრა. მე, მაგალითად, მომწონს ეს დემოკრატიული მექანიზმი. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვეცოდინება”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი