ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მელიას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო

12 მაისი, 2021 • 1538
სტრასბურგის სასამართლომ მელიას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო.

საჩივარი ეხება 20 ივნისის საქმეს, რომელშიც ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის არის ბრალდებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:

  • მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
  • მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკომუნიცირა ეს საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები. მნიშვნელოვანია, რომ კითხვები დასმული იქნა ყველა იმ არსებით საკითხზე, რაზეც საჩივარში გავამახვილეთ ყურადღება. ასევე, გასათვალისიწნებელია, რომ კითხვებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პარალელი გაავლო ტიმოშენკოს და ნავალნის საქმეებზე და კითხვა დაუსვა საქართველოს ხელისუფლებას მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით — აღნიშნული გულისხმობს მართლმსაჯულების გამოყენებას არალეგიტიმური მიზნით და პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური პატიმრების საკითხი იხილება ამ მუხლით”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კომუნიცირება ეწოდება სასამართლოს მიერ მოპასუხე მთავრობისთვის საჩივრის გადაგზავნას. საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგად, სასამართლო წყვეტს, რომ საჩივარი უნდა გაეგზავნოს მთავრობას, რომელმაც წერილობით მოსაზრებები უნდა წარმოადგინოს მთელი საჩივრის, მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის მისაღებობისა და არსებითი მხარის შესახებ. მთავრობას, როგორც წესი, მოეთხოვება მოსაზრებების წარმოდგენა თექვსმეტი კვირის ვადაში. კომუნიცირების მომენტიდან საქმის განხილვის პროცედურის წარმართვა შესაძლებელია ორ თანმიმდევრულ ეტაპად. თავდაპირველად, მორიგების ეტაპზე, მხარეებს შეეთავაზებათ შეეცადონ, რომ საქმე მეგობრული მორიგებით დაასრულონ. საამისოდ მხარეებს 12- კვირიანი ვადა ეძლევათ. აღნიშნული ეტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში, საქმე გადავა დავის ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები საქმის შესახებ წერილობით მოსაზრებებს გაცვლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი