ახალი ამბები

სუსი ბოლოდროინდელ “ბორდერიზაციის” პროცესზე განცხადებას ავრცელებს

11 მაისი, 2021 • 852
სუსი ბოლოდროინდელ “ბორდერიზაციის” პროცესზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული. განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება და მიმდინარეობს პროცესის დეტალური განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ამ განცხადებით სუსი, დიდი ალბათობით, ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონის სოფელ გორაკას მიმდებარედ “ბორდერიზაციის” მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში საშუალოდ 100 მეტრით გადმოინაცვლეს, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა ბორდერიზაცია აქამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხილვისას რუკების გამოყენება ხელს უწყობს ე.წ. საზღვრის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ნარატივის გამყარებას. ამავდროულად, ოკუპაციისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას”, — აცხადებს სუსი და დასძენს, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ორი დღით ადრე ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქტიურად კაფავენ ტყეს კასპის რაიონის სოფელ გორაკადან ქვემო ჭალის ტყის მიმართულებით. მასვე ეკუთვნის ციტატა შიშის ზონის შესახებ.

“როგორც ვივარაუდეთ, ოკუპანტებმა ოკუპაციის ხაზიდან კიდევ საშუალოდ 100 მეტრით გადმოინაცვლეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. ამასთან ერთად, გორაკაში მდებარე ციხე “ორკაპა” წარმოადგენს ე.წ. შიშის ზონას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციხესიმაგრე მდებარეობს ოკუპაციის ხაზიდან 300 მეტრში. მოსახლეობა ვეღარ მიდის ამ ციხესთან, ვინაიდან გატაცების ალბათობა მიმდებარე ტერიტორიიდან ძალიან მაღალია”, — წერს ქაცარავა.

დავით ქაცარავას მიერ გამოქვეყნებულ დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს გორაკას მიმდებარედ  “ბორდერიზაციის” სამუშაობისთვის გაკაფული ტყე.

გარდა ამისა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ახალი მავთულხლართები გაჩნდა სოფელ ატოცშიც.

სუსი დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეხმაურება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ხაზს უსვამს, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს ოკუპაციის შედეგს, მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სუს-ის მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით — 350 კმ-ზე მეტი.

“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ორივე მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს. სუს-ის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება, აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს IPRM-ის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს. 2020 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის რამდენიმე ათეული შემთხვევა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თითოეული მათგანი უმწვავესად იქნა განხილული მოქმედი მექანიზმების ფარგლებში”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გორაკას მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გასავლებად ტყეს კაფავენ — “ძალა ერთობაშია”

მასალების გადაბეჭდვის წესი