ახალი ამბები

FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” გამოყენება დაუშვა

11 მაისი, 2021 • 813
FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” გამოყენება დაუშვა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა “ფაიზერის” ვაქცინის მოზარდებში გამოყენება. გადაწყვეტილება FDA-მ ორშაბათს მიიღო და მისი მეშვეობით 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება.

როგორც CNN წერს, ეს პირველი ვაქცინაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის გამოყენებაც მოზარდებში იქნება შესაძლებელი. მანამდე “ფაიზერის” ვაქცინას ავტორიზაცია მინიჭებული ჰქონდა 16 წლიდან პირებში გამოყენებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ვაქცინებს, რომლებიც აშშ-ში გამოიყენება, მათ შორის, “მოდერნასა” და “ჯონსონს”, ორივე მათგანს გამოყენების უფლება 18 წლიდან პირებში აქვს.

FDA-ს აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ ჩატარებულ კლინიკურ ტესტირებას ეფუძნება, რომელშიც 12-დან 15 წლამდე 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. კომპანიის განცხადებით, კვლევაში ვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და უსაფრთხოება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოზარდებში ვაქცინამ კიდევ უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე 16-25 ასაკობრივ ჯგუფში, უსაფრთხოების ნაწილში კი იდენტური შედეგები ჰქონდა.

როგორც CNN წერს, ახლა ოთხშაბათს უნდა შეიკრიბოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის საკითხებში მრჩეველი კომიტეტი, რის შემდეგაც გადაწყდება, დაიწყება თუ არა აშშ-ში მოზარდების აღნიშნული პრეპარატით იმუნიზაცია.

გამოცემა წერს, რომ 12-15 წლის მოზარდები აშშ-ის პოპულაციის 5%-ს შეადგენენ. გაფართოებული ავტორიზაცია კი ნიშნავს, რომ ვაქცინაცია აშშ-ის მოსახლეობის 85%-სთვის იქნება შესაძლებელი.

ამჟამად კვლევები გრძელდება ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი