კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Pfizer აცხადებს, რომ მათი ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა დამაიმედებლად გამოიყურება ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგ.
Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, მათი ვაქცინის სამი ინექცია ომიკრონის წინააღმდეგაც ისეთივე ეფექტურია, როგორც ორი დოზა იყო სხვა მუტაციების წინააღმდეგ. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია მის მიერ ჩატარებული მცირე კვლევის საფუძველზე ავრცელებს.
როგორც BBC წერს, Pfizer-ის ამ განცხადებას წინ უძღოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. WHO-ის თქმით, დიდი ალბათობით, კორონავირუსის არსებული ვაქცინები ეფექტიანია ომიკრონით მძიმე ავადობის პრევენციაში.
ომიკრონი კორონავირუსის ახალი ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთაფრიკულ ქვეყნებში დაფიქსირდა, თუმცა ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის ეს ვარიანტი ამჟამად შესწავლის ეტაპზეა.
ჯანმოს თანახმად, “ომიკრონის”(B.1.1.529) შტამი, თავდაპირველად, 9 ნოემბერს შეგროვილ ნიმუშებს შორის გამოავლინეს. ახალი შტამი ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასდა ვარიანტად, რომელიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.
ყველაზე პრობლემური დეტალი, რომელმაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო, შტამში არსებული მუტაციების რაოდენობაა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიურ უწყებაში ამბობენ, რომ ახალ ვარიანტში, მთლიანობაში, დაფიქსირდა 50 მუტაცია, მათგან 30 – “საცეც ცილაზე”.
საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.
საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.
პირველადი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ “ომიკრონი” ადამიანის რეინფიცირების უფრო მაღალ რისკს შეიცავს.
