ახალი ამბები

რისკის ჯგუფებში „ფაიზერის“ წამალი ჰოსპიტალიზებას და გარდაცვალებას 90%-ით ამცირებს – კვლევა

14 დეკემბერი, 2021 • 2939
რისკის ჯგუფებში „ფაიზერის“ წამალი ჰოსპიტალიზებას და გარდაცვალებას 90%-ით ამცირებს – კვლევა

„ფაიზერის“ განცხადებით, კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი (აბების სახით) მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 90%-ით ეფექტიანია.

როგორც „გარდიანი“ წერს, კომპანიამ ანტივირუსული მედიკამენტის ეფექტიანობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წამალი მაღალი რისკის პაციენტებში დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს. კვლევის ფარგლებში ასევე შეისწავლეს პრეპარატის ეფექტურობა ახალი, ომიკრონ შტამის წინააღმდეგაც. გამოცემა წერს, რომ წამალმა ამ კომპონენტშიც მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

ამერიკულ-გერმანულმა ფარმაცევტულმა კამპანიამ კვლევის შედეგები გასულ თვეშიც გაავრცელა. მაშინ „ფაიზერი“ აცხადებდა, რომ პრეპარატმა 89%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იმ პირებთან შედარებით, რომლებიც კვლევის ფარგლებში პლაცებოს იღებდნენ. კვლევაში ჩართული იყო 1200 ადამიანი.

ახალ კვლევაში კი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, დამატებით 1 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევაში ჩართული არცერთი პირი, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს იღებდა, არ გარდაცვლილა. პლაცებოს მიმღებთა ჯგუფში კი 12 ადამიანი დაიღუპა.

კომპანიამ ასევე გაავრცელა მეორე კლინიკური ტესტირების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, პრეპარატმა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საშუალო რისკის მქონე 600 ზრდასრულ ადამიანს შორის 70%-ით შეამცირა.

„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებული მედიკამენტი.

კომპანიის განცხადებით, „ფაიზერს” 180 000 კურსისთვის საჭირო მედიკამენტის მარაგი წლის ბოლომდე მზად ექნება რეალიზაციისთვის, 2022-ში კი გეგმავს კიდევ 80 მილიონი, მკურნალობის კურსისთვის საჭირო ოდენობა დაამზადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი