ახალი ამბები

ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, ან პოლიტიკოსი — მელია

10 მაისი, 2021 • 1652
ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, ან პოლიტიკოსი — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც ციხე დღეს, 10 მაისს, დატოვა, აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლებისთვის საფრთხე იქნება. რაც შეეხება გირაოს თანხის გადახდის საკითხს, მელია ამბობს, რომ არასერიოზულია იმის თქმა, რომ ევროკავშირმა 40 ათასი ლარი დამნაშავეს გადაუხადა.

“რასაც ვადევნებდი თვალყურს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, ანუ ოლიგარქის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული ხალხის კომენტარებს, რაც არ უნდა ვთქვა, ამ ადამიანებს საჯარო პოზიციას ვერ შევაცვლევინებ. ეს ადამიანები თუ მიიჩნევენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თანხა იმიტომ გადაიხადეს, რომ ამით დაადასტურეს ჩემი ბრალეულობა, ამ უსაგნო კამათში შესვლას განა აზრი აქვს?!

ორი შედეგია: “ქართულ ოცნებაზე” დაყრდნობით, თანხა ჩაერიცხა მძიმე კრიმინალს, როგორსაც მიწოდებენ, საერთაშორისოდ უკვე აღიარებულ კრიმინალს, რომელიც ალბათ კონკურენციას გაუწევს “ქართული ოცნების” კარზე დასაქმებულ კრიმინალებს, რაც არ მგონია მათთვის სასიამოვნო იყოს. ეს ნახევრად ხუმრობით. ან მეორე მხრივ, ჩაურიცხეს ხელისუფლებას პოლიტიკოსის გამოსასყიდად. ორი გამოსავალია- ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით, შეიძლება იერით ვგავდე კიდეც კრიმინალს, არ ვიცი…  ან პოლიტიკოსი. ორივე შემთხვევაში ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად საფრთხე [ვიქნები] ბიძინა ივანიშვილისთვის”,-აცხადებს მელია.

ენმ-ის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებაზეც. მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და რადიკალიზაციის გაღვივებით საკუთარი ელექტორატის მობილიზაციას ცდილობს.

“ოლიგარქი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზიზღის კამპანიის გაღვივებით არის დაკავებული და ხელოვნურად უპირისპირდება ამ კამპანიით არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. რატომ აკეთებს ამას ბატონი ივანიშვილი, ოლიგარქი?! იმიტომ აკეთებს, რომ ამ რადიკალიზაციით საკუთარი სამობილიზაციო ელექტორატი რამენაირად შეინარჩუნოს. ძალიან ბოროტად იყენებს და მანიპულირებს მგრძნობიარე საკითხებით, როგორიც არის რელიგიური თუ ეთნონაციონალური საკითხები”, — ამბობს მელია.

ნიკა მელიამ ციხე დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი