ახალი ამბები

მელიას გათავისუფლებით ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება – სააკაშვილი

10 მაისი, 2021 • 889
მელიას გათავისუფლებით ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებით, მიესალმება „მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას“ და „აღფრთოვანებულია მისი პრინციპულობით და შეუვალობით“. სააკაშვილის შეფასებით, მელიას გათავისუფლებით „იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“.

„მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“, — წერს იგი Facebook-ზე.


10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასამართლო პენიტენციურ დაწესებულებას საკუთარ გადაწყვეტილებას გაუგზავნის.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის, „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

პროკურორი ამირან გულუაშვილი არ პასუხობს კითხვას, ჰქონია თუ არა ადგილი წინასწარ გადახდილი გირაოს სხვა პრეცედენტს სამართალწარმოებაში და მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფაქტორზე ამ პროცესში.

„მოვისმინეთ საია-ს სამართლებრივი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებაში და სამართლებრივ გზებში კანონშეუსაბამო არაფერია“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი