ახალი ამბები

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

10 მაისი, 2021 • 769
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი სასაწყობე ფართს გაუჩნდა და დაახლოებით 3 ათასი კვადრატი იწვოდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“მიმდებარე ტერიტორიიდან მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ერთ-ერთი დაზარებულის თქმით, ხანძარი მეორეული და ახალი ტანსაცმლის საწყობებში გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობითუ ცნობია ზარალის ზუსტი რაოდენობა.

“როგორც გვითხრეს, მოკლე ჩართვა მოხდა და უცებ მოედო ალი. ორი საწყობი იყო, ერთში მეორადი ტანსაცმელი ინახებოდა, მეორეში – ახლები. ტონობით საქონელი იყო, ზარალს ალბათ შესაბამისი ორგანოები დაადგენენ და დაითვლიან. ერთი საწყობი საერთოდ განადგურდა და მეორემდე ვერ მივდივარ. დაზღვევა არ გვქონია, ფართი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დაგვეზღვია”, — ამბობს დაზარალებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი