ახალი ამბები

ომსკის კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი იპოვეს — “რია ნოვოსტი”

10 მაისი, 2021 • 2430
ომსკის კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი იპოვეს — “რია ნოვოსტი”

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ტყეში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით გაავრცელა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ”.

ალექსანდრ მურახოვსკის 7 მაისიდან ეძებდნენ.  ის ომსკის კლინიკის მთავარი ექიმი იყო იმ დროს, როდესაც აღნიშნულ კლინიკაში მოწამლული ალექსეი ნავალნი მიიყვანეს და უმკურნალეს. მოგვიანებით მურახოვსკი დააწინაურეს და ოლქის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნეს.

მიმდინარე წლის თებერვალში მოულოდნელად გარდაიცვალა ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების მთავარი თერაპევტის 55 წლის თანაშემწე სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

მაქსიმიშინის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში ასევე გარდაიცვალა იმავე კლინიკის ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 63 წლის რუსტამ აგიშევი. კლინიკის ინფორმაციით, მან გასულ წელს ინსულტი გადაიტანა და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 2020 წლის 20 აგვისტოს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად.

ომსკის კლინიკაში ნავალნი სამედიცინო კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს, რამდენიმე დღეში კი სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციისთვის 5 თვე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი