ნეტგაზეთი | საქართველოს 12 ქალაქში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის ფერებით გაანათეს საქართველოს 12 ქალაქში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის ფერებით გაანათეს – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს 12 ქალაქში ღირსშესანიშნაობები ევროკავშირის ფერებით გაანათეს

დღეს, 9 მაისს, ევროკავშირის ფერებით გაანათეს მთავარი ღირსშესანიშნაობები ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.

ამის მიზეზია “ევროპის დღე”, რომელსაც 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ზეიმობენ, ისინი მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავენ.

“ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა.

ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში”, — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად  დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია.  ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, უკვე 25 წელია, ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღრებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში.

უფრო ვრცლად საქართველოში ევროკავშირის კონტრიბუციის შესახებ, ნახეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.