ახალი ამბები

ტყეში დაიკარგა იმ კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალეს

9 მაისი, 2021 • 4392
ტყეში დაიკარგა იმ კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალეს

რუსული მედიის ინფორმაციით, უკვე ორი დღეა, ტყეში დაიკარგა ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ლექსანდრ მურახოვსკი. ის თვეების წინ, ომსკში იმ კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც მოწამლული ალექსეი ნავალნი მიიყვანეს და უმკურნალეს. მოგვიანებით, მურახოვსკი დააწინაურეს და ოლქის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნეს.

როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, მურახოვსკი ტყეში სანადიროდ კვადროციკლით წავიდა და მასთან კონტაქტი 7 მაისს, მალევე გაწყდა. მის ძებნაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები და სამხედროები, ისე — ვერტმფრენი. ჯერჯერობით, დაკარგულის კვალს ვერ მიაგნეს.

მიმდინარე წლის თებერვალში მოულოდნელად გარდაიცვალა ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების მთავარი თერაპევტის 55 წლის თანაშემწე სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც მოწამვლის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

მაქსიმიშინის გარდაცვალებიდან რამენიმე კვირაში ასევე გარდაიცვალა იგივე კლინიკის ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი 63 წლის რუსტამ აგიშევი. კლინიკის ინფორმაციით, მან გასულ წელს ინსულტი გადაიტანა და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 2020 წლის 20 აგვისტოს მიიღეს მას შემდეგ, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად.

ომსკში ნავალნი სამედიცინო კომაში გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციისთვის 5 თვე დაყო.

მთავარ ფოტოზე: ალექსანდრ მურახოვსკი/Reuters

ექიმი, რომელიც ომსკში ნავალნის მკურნალობდა, გარდაიცვალა

მასალების გადაბეჭდვის წესი