ახალი ამბები

რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელმაც მელიას გირაო გადაიხადა

8 მაისი, 2021 • 1088
რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელმაც მელიას გირაო გადაიხადა

ფონდი “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის”, რომელმაც ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს თანხა 40 000 ლარი გამოყო, 2013 წელს ევროკავშირის წევრებმა დააფუძნეს.

როგორც ორგანიზაციის აღწერაშია ნათქვამი, ის ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა და ის მხარს უჭერს მათ, ვისაც მხარს ოფიციალურად ვერ დაუჭერენ სხვა დონორი ორგანიზაციები და ევროკავშირში არსებული ინსტრუმენტები.

ორგანიზაციის ცნობით, დახმარებები დამოკიდებულია დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და არაძალადობრივი პრინციპების დაცვაზე.

ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი მართავს. საბჭო 43 წევრისგან შედგება, მათ შორისაა 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახური, ევროკომისიის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ევროპარლამენტის 9 წევრი და ევროპული სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია. ეს ინფორმაცია EU-ს წარმომადგენლობამ დღეს, 8 მაისს გაავრცელა.

წარმომადგენლობის ცნობით, თანხა ორგანიზაციამ “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” გამოყო, ხელისუფლებას კი აღნიშნული თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი