ახალი ამბები

წითელი ჯვარი საქართველოს “სინოფარმის” 100 000 დოზას გადასცემს – ჯანდაცვის სამინისტრო

8 მაისი, 2021 • 1768
წითელი ჯვარი საქართველოს “სინოფარმის” 100 000 დოზას გადასცემს – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძესა და წითელი ჯვარის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაცია საქართველოს 100 000 დოზა “სინოფარმს” გადასცემს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

“დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად “სინოფარმის” ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოფარმის” ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია გუშინ, 7 მაისს მიანიჭა. ასევე გუშინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ივნისში საქართველოში 500 000 დოზა “სინოფარმის” ვაქცინა შემოვიდოდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა ქვეყნაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

მასალების გადაბეჭდვის წესი