ახალი ამბები

პროფ.განათლების დასაქმების ბაზართან თავსებადობა პრობლემურია – სახელმწიფო აუდიტი

7 მაისი, 2021 • 1344
პროფ.განათლების დასაქმების ბაზართან თავსებადობა პრობლემურია – სახელმწიფო აუდიტი

პროფესიული განათლების სისტემის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, გამოწვევად რჩება პროფესიული განათლების მქონე პირების დასაქმების პრობლემა.

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს მხოლოდ 35%.

“გამოკითხულ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული განათლებით დასაქმებული არ არის, რაც სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, გამოწვეულია სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან შესაბამისობის ნაკლოვანებებით”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2018-2020 წლებს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, პროფესიული განათლების დაწესებულებები ისეთ პროფესიებზე ამზადებენ სტუდენტებს, რომლებზეც საქმდებიან სამუშაო ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირები.

“ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯები გარკვეული რაოდენობით სტუდენტებს იღებენ ისეთ სპეციალობებზე, რაზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ და ასევე აღნიშნული მიმართულებით დასაქმებელია უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღნიშნულის საპირისპიროდ, არსებობს კონკრეტული დარგები, რომლებიც საკადრო დეფიციტით გამოირჩევა, თუმცა პროფესიული სასწავლებლების შეთავაზებული პროგრამები ვერ ფარავს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.

გარდა აღნიშნულისა, სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის (რაოდენობის) განსაზღვრისას, არ არის გათვალისწინებული ბაზარზე არსებული მოთხოვნები, რაც ასევე ქმნის პროგრამის შრომის ბაზართან თავსებადობის პრობლემას”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტში.

სახელმწიფო აუდიტი სასწავლო პროგრამების შრომის ბაზართან თავსებადობის მიზნით, განათლების სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, რომ

  • უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება;
  • დაადგინოს კრიტერიუმები, თუ რა ტიპის და მასშტაბის კვლევა/მსჯელობა იქნება მისაღები პრიორიტეტული პროგრამის დასაბუთებულობის უზრუნველსაყოფად (აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული მოთხოვნის დასაბუთებისთვის).
  • სხვადასხვა პროფესიაზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გააუმჯობესოს სტუდენტთა ზღვრული ოდენობების განსაზღვრის წესები და გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონების მიხედვით.

გარდა სამუშაო ბაზართან თავსებადობისა, აუდიტმა ასევე გამოავლინა სასწავლო პროცესის მართვისა და დაფინანსების ნაკლოვანებებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი