ახალი ამბები

როდის არის ასტრაზენეკას მეორე დოზა ყველაზე ეფექტური?

6 მაისი, 2021 • 5946
როდის არის ასტრაზენეკას მეორე დოზა ყველაზე ეფექტური?

საქართველოში ამ კვირიდან დაიწყო რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე, 10 მაისიდან კი მოქალაქეთა მეორე დოზით აცრა დაიწყება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ვაქცინაციაზე სარეგისტრაციო საიტზე მითითებულია, რეგისტრაცია მე-2 დოზის მისაღებად პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალშია შესაძლებელი.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სხვადასხვა ექსპერტები და თავად NCDC ამბობს, რომ ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, უკეთესია, თუ ინტერვალებს აცრებს შორის უფრო გრძელი იქნება, ვიდრე 4 კვირაა, თუმცა არ გადასცდება 12 კვირის ნიშნულს.

როდის არის „ასტრაზენეკა“ მეორე დოზა ყველაზე ეფექტური? – საერთაშორისო გამოცდილება

დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინით დღეს საქართველოში მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 8 აპრილს მიიღო, რადგან სხვა ასაკობრივ კატეგორიაში არსებობს სტატისტიკა „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზულ გართულებას შორის.

„ასტრაზენეკას“ მწარმოებელი კომპანია ამბობს, რომ ვაქცინა 76%-ით ეფექტურია სიმპტომებით გამოხატული კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ, 100%-ით კი ეფექტურია რთული ან კრიტიკული შემთხვევების წინააღმდეგ. თუმცა არსებობს კვლევაც, რომელიც ამბობს, რომ  ვაქცინის ეფექტურობა 79%-საც აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მწარმოებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვაქცინა უნდა გაკეთდეს 4-დან 12 კვირის ინტერვალში, რაც ორგანიზმში ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას უკავშირდება. თუმცა, არსებულ მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმო აცხადებს, რომ რაც უფრო დიდია ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის, მით უფრო დიდია ეფექტიანობის მაჩვენებელიც. ამ ეტაპზე ჯანმო მოქალაქეებს ურჩევს, მეორე დოზა პირველი ვაქცინიდან 8-12 კვირის ინტერვალში გაიკეთონ.

12-კვირიან ინტერვალზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისიც – უწყება, რომელიც იმუნიზაციას კურირებს.

ამავე ქვეყნის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსად, ამბობს, რომ „ასტრაზენეკას“ პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 4-12 კვირამდე უნდა იყოს. თუმცა,  რაც შეიძლება მეტი მოქალაქის თუნდაც პირველი დოზით აცრის მიზნითა და ეფექტურობის გაზრდის გამო, ქვეყანამ დაადგინა, რომ მოქალაქეები ამ ვაქცინის მეორე დოზას მე-12 კვირაში გაიკეთებენ.

ამ გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებს თებერვალში ჩატარებული კვლევაც, რომელიც ამბობს, რომ ეფექტურობის 76%-იანი ნიშნული, შესაძლოა, 81%-მდეც გაიზარდოს იმ შემთხვევებში, როდესაც დოზებს შორის ინტერვალი 12 კვირაა.

„8-12 კვირის ინტერვალში ჩატარებული მე-2 დოზა ზრდის ეფექტიანობის მაჩვენებელს“

დღეის მონაცემებით booking.moh.gov.ge-ზე ასტრაზენეკას მეორე დოზაზე რეგისტრაცია ივნისის 10 რიცხვის ჩათვლითაა შესაძლებელი. ათობით ადგილი ჯერ ცარიელია.

სქრინი ვაქცინებისთვის სარეგისტრაციო პორტალზე. სქრინის გადაღების დრო: 6 მაისი 19:09 საათი

NCDC-ის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ, ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, რომ ადგილები შემდგომაც აუცილებლად დაემატება.

„ეს პროცესი იქნება მანამდე, სანამ ყველა პირი, რომელსაც მისაღები აქვს მეორე აცრა, არ მიიღებს კუთვნილ მეორე დოზას და არ მოიცავს ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ასაკობრივი კატეგორიით უნდათ პირველი დოზის მიღება“, – ამბობს ის.

ის განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსად, NCDC-ც  8-12-კვირიანი ინტერვალის რეკომენდაციას იძლევა.

„ეს იხსნება იმით, რომ რამდენიმე კვლევის თანახმად დადგინდა – რაც უფრო ხანგრძლივია ინტერვალი ორ აცრას შორის, ეს ზრდის დაცულობის ეფექტს. მეორე დოზას აქვს ე.წ. ბუსტერის [გამაძლიერებელი] ეფექტი..

ჩვენთან ინტერვალი ოფიციალურად განსაზღვრულია 4-12 კვირით. ჩვენ კვლევებზე დაყრდნობით მივეცით რეკომენდაცია, რომ თუ 8-12 კვირის ინტერვალში – ამ პერიოდში ჩაიტარებენ მეორე დოზას, ეს ზრდის დამცველობით ეფექტს“, – აცხადებს ჯაბიძე.

ის ასევე დასძენს, რომ იმ ადამიანებს, ვინც 4 კვირის ინტერვალში აიცრება, საფრთხე არ ემუქრება. თუმცა უფრო დიდი ინტერვალი უფრო მეტ ეფექტურობას ნიშნავს.

დიდ ინტერვალსა და გაზრდის ეფექტურობას შორის კავშირზე “ნეტგაზეთთან” საუბრობს ალერგოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვიც.

მისი თქმით, მწარმოებელი კომპანია ვაქცინის ანოტაციაში ამბობს, რომ მეორე დოზა 4-დან 12 კვირის ინტერვალში უნდა გაკეთდეს.:

„თვითონ მწარმოებელი, „ასტრაზენეკა“  ამბობს, რომ მაგალითად, თუ ადამიანს ორჯერადი ვაქცინაცია სჭირდება, პირობითად, ის მიემგზავრება – ან სამკურნალოდ, ან სამოგზაუროდ, ან მივლინებით და ა.შ. მას აქვს უფლება, რომ ერთ თვეშიც გაიკეთოს [მეორე დოზა] და სრულად ვაქცინირებული იქნება.

მაგრამ თუ ამ საჭიროების წინაშე არ დგას, მაშინ სასურველია – და ეს კვლევებითაც ჩანს –  8-დან 12 კვირის შუალედით ჩაიტაროს. თუმცა შეცდომა არ არის, თუ 4 კვირაშიც გაიკეთებს. ესეც შეიძლება“, – აცხადებს კულუმბეგოვი და დასძენს, რომ ამ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება 4 კვირამდე არ შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი