ნეტგაზეთი | “ოცნების” წევრები ვასაძის პოლიტიკური გეგმების შეფასებისაგან თავს იკავებენ “ოცნების” წევრები ვასაძის პოლიტიკური გეგმების შეფასებისაგან თავს იკავებენ – Netgazeti
RU | GE  

“ოცნების” წევრები ვასაძის პოლიტიკური გეგმების შეფასებისაგან თავს იკავებენ

“ქართული ოცნების” წევრები ლევან ვასაძის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით შეფასებისაგან თავს იკავებენ.

პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ ვასაძემ დღეს, 6 მაისს, განაცხადა. თუმცა მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია ვასაძის გადაწყვეტილების შეფასება.

როგორც ნინო წილოსანი ამბობს, ჯერ უნდა გაირკვეს, რომელ იდეოლოგიურ პლატფორმას დაიკავებს ლევან ვასაძე.

“ლევან ვასაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება, როდესაც ის მკაფიოდ გააკეთებს განაცხადს, რომელ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იქნება და რა გეგმები აქვს და, შესაბამისად, მომეცემა საშუალება, რომ მოსაზრება გამოვთქვა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ თუ ვინმეს პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია აქვს, მისთვის პოლიტიკური აქტივობა “ოცნების” ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია.

“საერთოდ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს, აქვს შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა ჩვენ შევქმენით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომ დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. განსხვავებით სხვა ხელისუფლებაში არსებული სიტუაციებისაგან, ჩვენთან არავინ არავის არ უკრძალავს, არანაირი ზეწოლა არ არსებობს. თუ ვინმეს აქვს იმის ამბიცია და რესურსი, რომ მას საზოგადოება მხარს დაუჭერს, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, როგორ ხედავს ვასაძის რესურსს პოლიტიკაში, მაჭარაშვილი პასუხობს: “მე ნამდვილად არ მაქვს ინტერესი, რომ ვინმეს რესურსი შევაფასო, ამას შეაფასებს საზოგადოება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ ვასაძის პოლიტიკური ამბიციების საზომი არჩევნების შედეგები იქნება.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი კონსტიტუციიდან გამომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის არის დაკმაყოფილებული. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, რომ განისაზღვროს, ვის უჭერს მხარს ქართული ელექტორატი. ასე რომ, თუკი ვინმეს რაიმეს სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი არჩევნებზე იქნება გაცემული”, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com