ახალი ამბები

აშშ უარს ამბობს ვაქცინების ინტელექტუალურ საკუთრებაზე

6 მაისი, 2021 • 1470
აშშ უარს ამბობს ვაქცინების ინტელექტუალურ საკუთრებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, უარი თქვან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე.

„ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ვაქცინა მიეწოდოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს“, – წერია აშშ-ის ხელისუფლების მიერ 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ახლა გლობალური ჯანდაცვის კრიზისში ვიმყოფებით, კოვიდპანდემიის ექსტრაორდინალური გარემოებები ექსტრაორდინალური ზომების მიღებას მოითხოვს“, – განაცხადა ქეთრინ ტაიმ, აშშ-ის მთავარმა მომლაპარაკებელმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, რომელიც ამ საკითხებს კურირებს.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება აშშ-ში ეხება იდეებს, დიზაინსა და გამოგონებებს და დაცულია კონსტიტუციით. კანონი პირს აძლევს ექსკლუზიურ უფლებებს მის მიერ შექმნილ კონკრეტულ გამოგონებაზე, რაც ნიშნავს, რომ არავის სხვას არ შეუძლია, მისი ნებართვის გარეშე შექმნას ასლი ან აწარმოოს აღნიშნული პროდუქტი.

ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბაიდენს მოუწოდებდნენ „დემოკრატები“ და 100-ზე მეტი ქვეყანა, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები ეწინააღმდეგებიან.

„როიტერსი“ წერს, რომ ამ განცხადების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების, „მოდერნას“, „ნოვავაქსისა“ და „ფაიზერის“ აქციების ფასმა დაიკლო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აშშ-ის გადაწყვეტილებას „მონუმენტური“ უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ ეს არის „გლობალური ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად აშშ-ის ლიდერობის ძლიერი დასტური“.

ამ საკითხზე ევროკავშირშიც მსჯელობენ: „გარდიანის“ თანახმად, აშშ-ის განცხადების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ევროკავშირიც გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს კრიზისის ეფექტურად და პრაგმატულად გადაწყვეტას“.

ბაიდენის ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ მათ „ძლიერ სწამთ“ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების, თუმცა არ ემხრობიან პანდემიის დასრულების მიზნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გავრცელებას.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები, აშშ-ის განცხადების თანახმადვე, „დროს მოითხოვს“. „ბლუმბერგის“ ცნობით, ქეთრინ ტაიმ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შესრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიაღწევენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO-ს) წევრები შეთანხმებას.

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რის გამოც მას ჯანმოს დირექტორი უპირისპირდებოდა.

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის ცენტრის პროფესორმა, დოქტორმა ამეშ ადალიამ „როიტერსს“ განუცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს „ფარმაცევტული კომპანიების საკუთრების ექსპროპრიაციას [სახელმიფოს მიერ ჩამორთმევას], როდესაც ამ კომპანიების ინოვაციურმა მიდგომებმა და ფინანსურმა ინვესტიციებმა გახადა შესაძლებელი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამზადება“.

თუმცა აშშ-ის გადაწყვეტილების მომხრეები, „როიტერსის“ თანახმადვე, ამბობენ, რომ კომპანიები მხოლოდ მცირედ იზარალებენ, რადგან ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დროებითი იქნება.

აშშ-ის მთავრობამ 2020 წელს მილიარდობით დოლარი დახარჯა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის კვლევასა და შესყიდვებში, განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე, როდესაც გაურკვეველი იყო, რამდენად უსაფრთხო და ეფექტური იქნებოდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი