ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რამაზ ბეღელურის ოჯახი რუსეთისთვის სტრასბურგში ჩივილს აპირებს

6 მაისი, 2021 • 1588
რამაზ ბეღელურის ოჯახი რუსეთისთვის სტრასბურგში ჩივილს აპირებს

ცხინვალის ციხიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული რამაზ ბეღელური აცხადებს, რომ გამყოფ ხაზს მიღმა გასაღების ასხმით სცემეს თავის არეში, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა.

გორიდან თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახი ამბობს, რომ ბეღელურის პირველადი დიაგნოზი ეპილეფსიაა, — ის ხშირად მოულოდნელად კარგავს გონებას.

რამაზ ბეღელურის ოჯახის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სურთ ჩივილი არაადამიანური მოპყრობის გამო.

ვინ არის რამაზ ბეღელური?

37 წლის რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.

ბეღელური 2021 წლის 2 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს სოფელ ხელჩუასთან.

მან დაკავებიდან ორ თვეში, პირველ აპრილს დატოვა საპატიმრო — ცხინვალმა იმავე დღეს გადასცა ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან.

მაშინ ჟურნალისტებთან დე ფაქტო საზღვრის დარღვევის და დაკავების გარემოებებზე არ უსაუბრია. თქვა, რომ ახლობლის ორმოციდან ბრუნდებოდა და ნასვამი იყო.

ბეღელურმა განაცხადა, რომ სოფელ ხელჩუადან თავდაპირველად დისევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ხოლო შემდეგ — ცხინვალის საპატიმროში, სადაც დე ფაქტო სასამართლოს მიერ ორჯერ შეფარდებული ერთთვიანი ვადა მოიხადა.

გათავისუფლების დღეს ბეღელურს ძალადობის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია.

„გონებას მოულოდნელად კარგავს“

რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ტერაშვილი „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ ცხინვალიდან გადმოიყვანისთანავე შეამჩნია, რომ კარგად არ იყო, ერთი თვის თავზე კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა. ნორა ტერაშვილს შვილისთვის დაკავებამდე მსგავსი სიმპტომები არ შეუმჩნევია.

„ცუდადაა, თავბრუ მესხმისო და უცბად გონება ეთიშება და ვარდება“, – ამბობს ნორა ტერაშვილი. მისი თქმით, რამაზ ბეღელურმა გონება პირველ მაისს ორჯერ დაკარგა, დილას და საღამოს, რის შემდეგაც გორის კლინიკა „გორმედში“ წაიყვანეს.

„გონება სულ გაშავებული ჰქონდა… ხალხმა, ვინც შეგვესწრნენ, გვითხრა, მკვდარია, გაანებეთ თავიო, მაგრამ ისევ ხალხის დახმარებით რაღაცნაირად გამოვიდა მდგომარეობიდან“.

ამის შემდეგ, დედის მონათხრობის თანახმად, ბეღელური გორის საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა იქ „არც აწვენდნენ, დიდი დავის შემდეგ ორი წვეთოვანი დაუდგეს მიმღებში და ამბობდნენ, წაიყვანეთ, კარგად არისო“…

„სად წავიყვანო-მეთქი, შეკამათებაც მომიხდა იქ მორიგე ექიმთან, მაგრამ ვერაფერს გავხდი და მეზობელმა ჩამოგვაკითხა… რომ წავიყვანეთ, სოფელ კარბში ძალიან ცუდად გაგვიხდა. კიდევ კარგი, ხალხი იყო, თორემ ცოტა უკაცურ ადგილას რომ მოსვლოდა, ვეღარაფერს ვუშველიდით“…

საბოლოოდ მან 3 დღე გაატარა გორის კლინიკაში, 4 მაისს თბილისში გადმოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს და გამოკვლევები ჩაუტარეს, თუმცა უსახსრობის გამო იქ ღამის გათენება ვერ შეძლო.

„ღამე რომ დაგვეტოვებინა, 500 ლარი უნდა გადაგვეხადა. ტომოგრაფიის თანხაც დავით ქაცარავამ [„ანტიოკუპაციური მოძრაობის“ ლიდერმა, რომელმაც ბეღელურის ამბავი ფეისბუკზე დაწერა] გადაგვიხადა“, – გვითხრა ნორა ტერაშვილმა.

ნორა ტერაშვილის თქმით, კლინიკაში წამლები გამოუწერეს და უთხრეს, რომ ერთ თვეში კვლავ მიიყვანონ გასასინჯად.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ინგოროყვას კლინიკას კითხვით რამაზ ბეღელურის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ოჯახთან გადაგვამისამართეს.

დედის თანახმად, გამოკვლევების შემდეგ პირველადი დიაგნოზი ეპილეფსიაა— ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება. ამ დაავადებისას ადამიანის თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა დარღვეულია, რაც გულყრას იწვევს, რა დროსაც მისი ქცევა შეცვლილია.

„ნეიროგანვითარების ცენტრის“ თანახმად, პაციენტების 50%-ში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება, ხოლო მეორე 50%-ში ის ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, მათ შორის თავის ტრავმასთან. ამავე ცენტრის ცნობით, ეპილეფსიის მკურნალობა ძირითადად მედიკამენტით იწყება.

„დაკავებისას სცემეს, გამოშვებისას გააფრთხილეს, არაფერი ეთქვა“

დავით ქაცარავა შემდეგნაირად ხსნის გარემოებას, რომ ბეღელურს გამყოფი ხაზის გადმოკვეთის შემდეგ ჟურნალისტებთან ძალადობის შესახებ არაფერი უთქვამს:

„როდესაც ვკითხე, რატომ დამალა რამაზმა ჟურნალისტებთან მისი ცემის ამბავი, შემზარავი, მაგრამ ჩემთვის არახალი პასუხი მივიღე — პოლიციამ დაარწმუნა რამაზ ბეღელური, „მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე“ არ გაემხილა ეს ამბავი, მერე რუსები გაღიზიანდებიან და გადაგეკიდებიანო“.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში ქაცარავამ დააზუსტა: „სასწრაფოში რომ იჯდა, მაშინ ველაპარაკე და რამდენჯერმე დავაზუსტებინე, პოლიციელმა გითხრა-მეთქი? და კიო, ოღონდ კი არ მომაწვაო, ისე, მეგობრულად მირჩიეს, არ ვილაპარაკო, მერე მაგათ ნუ გადაიკიდებო“.
ქაცარავას თქმით, ეს სისტემური პრობლემაა: „ბევრისგან მსმენია, — ოღონდ იმ პირობით, რომ სახელსა და გვარს არ ვიტყვი, — რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს, არ თქვას, რომ მცემესო. ოღონდ დაჟინების და პრესინგის დონეზე არა, რჩევის დონეზე“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ ბეღელურს მათთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მისი გამოკითხვის ოქმიდანაც ჩანს.

დედა, ნორა ტერაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მის შვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეებმა „თავში გასაღების ბღუჯით სცემეს“, თუმცა რამაზს ეს ხმამაღლა, მედიასთან არ უთქვამს, რადგან „ეს იქ, ცხინვალში გაუფრთხილებიათ, რომ გახვალ, არაფერი არ ილაპარაკოო“.

„ჩვენი ქართველი ბიჭები რომ იქ არიან დაკავებულები, იმიტომ არ ალაპარაკდა, რომ იმ ქართველ ბიჭებს არაფერი არ დაუშავონ“, – გვითხრა რამაზ ბეღელურის დედამ.

ცხინვალის საპატიმროში ამ დრომდე რჩება, სულ მცირე, სამი ადამიანი, რომელიც გამყოფ ხაზთან დააკავეს და განაჩენი გამოუტანეს: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი.

ზაზა გახელაძე

[გირჩევთ: გახელაძის ოჯახის ვიზიტი ცხინვალის ციხეში – რა გავიგეთ]

დედის თქმით, ბეღელურის მდგომარეობა მძიმეა და ის გადაღლას ერიდება. კლინიკასთან 4 მაისს, გვიან ღამით მოკლე კომენტარში რამაზ ბეღელური ამბობს, რომ ძალიან ცუდად არის: „ახლაც რომ ვლაპარაკობ, შეიძლება უცბად დამკრას და დამაგდოს ეგრევე“.

დაკავება მეოთხედ და სასტიკი მოპყრობა

ეს რამაზ ბეღელურის დაკავების მეოთხე ეპიზოდია. ის აქამდე სამჯერ ჰყავდათ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს დაკავებული.

„ანტიოკუპაციური მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ, — რომელმაც ფეისბუკით გაავრცელა ბეღელურის ამბავი, — „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ამ 4-დან სამ შემთხვევაში ბეღელურს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იმავეს ადასტურებს თავად დაკავებული ჟურნალისტებთან საუბრისას:

„პირველ დაჭერაზე მაგრად მცემეს, მეორეზე მაგრად მცემეს. მესამეზე არა მცემეს. მეოთხეზე მაინც ერთმა თავი გამიტეხა“… დედის თანახმად, სწორედ მეოთხედ დაკავებისას სცემეს მის შვილს თავის არეში გასაღებების ასხმით.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ პატიმრების სასტიკი მოპყრობის ბრალდება ახალი არ არის. სწორედ ცხინვალის იზოლატორში მოკლეს 2018 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რასაც თბილისში პროტესტი მოჰყვა [მისი ცხედარი ცხინვალმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გადმოსცა].

ცხინვალის საპატიმროებში სასტიკად ეპყრობიან არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ პატიმრებს, არამედ ეთნიკურ ოსებსაც. 2020 წლის აგვისტოში ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი, ინალ ჯაბიევი, დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, რასაც ამჯერად უკვე ცხინვალში მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციები.

„სტრასბურგში გვინდა, გავასაჩივროთ“

ნორა ტერაშვილიც, შვილის მსგავსად, ამბობს, რომ „ყველაფერი იქიდან [დაკავებებიდან] მოდის“ და რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის გაუარესება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებებს უკავშირდება.

ნორა ტერაშვილის გვეუბნება, რომ მათი ოჯახის, — და თავად რამაზ ბეღელურის, — სურვილია, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღონ:

„აუცილებლად მინდა, ჩემი შვილის დაპატიმრება და მის მიმართ არაადაიმანური მოპყრობა გავასაჩივრო. ჩემი ოჯახი არის დაზარალებული, პირდაპირ განადგურებული ვარ მართლა. და დაზარალებულია რამაზ ბეღელური, აბა, რა არის. ჯანმრთელობა აღარ უვარგა“…

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა კუთხით და როგორ იდავებს რამაზ ბეღელური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა დავით ქაცარავა ამბობს, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“ მას დაეხმარება და აქცენტი, სავარაუდოდ, არაადამიანურ მოპყრობაზე გაკეთდება. მოპასუხე მხარეც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია იქნება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბეღელურის გათავისუფლებისას, პირველ აპრილს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

„ყველაზე არათავისუფალი ადგილი“

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის პუბლიკაციის „თავისუფლება მსოფლიოში 2020“ თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

[მართალია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმოხილვები ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია „ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“].

2008 წლიდან საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად უწოდებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად, რომელიც საქართველოს ეკუთვნის.

ცხინვალის რეჟიმი გამუდმებით ზღუდავს და არღვევს მოქალაქეების ბაზისურ უფლებებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებას, რაც ყველაზე მძიმედ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე აისახება.

ცხინვალშ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ზეიმობენ © EPA/MAXIM SHIPENKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი