ახალი ამბებიეკონომიკა

რაზე ისაუბრეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა თურნავასთან შეხვედრაზე

5 მაისი, 2021 • 1221
რაზე ისაუბრეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა თურნავასთან შეხვედრაზე

ვაქცინაციის საკითხზე ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომაგენლებს შეხვდა. როგორც სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინციატივას, რაც რესტორნებისა და სასტუმროების თანამშრომლების აცრას ითვალისწინებს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ასეთი ობიექტები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ იქნება მიჩნეული და სახელმწიფო მათ “საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგში დაეხმარება”. ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული, თანამშრომლების რამდენი პროცენტი უნდა აიცრას, რათა დააკმაყოფილონ უსაფრთხოების კრიტერიუმები. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, თავდაპირველად საუბარი 80% -ზე იყო, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი 60%-მდე შემცირდეს.

შალვა ალავერდაშვილი ასევე განმარტავს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის თანამშრომლები, რომელთაც აცრა არ ენდომებათ, სამსახურს არ დაკარგავენ. “რა თქმა უნდა, ანტივაქსერებიც არიან, თუმცა უმრავლესობა მზად არის აიცრას”.

ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა ტურიზმის სექტორთან

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც განიხილეს ვაქცინაციის პროცესის სწრაფად დასრულების აუცილებლობა, რადგან მისი თქმით, ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს დავინახეთ მზადყოფნა.. ბევრმა დამსწრემ, იქნება ეს სასტუმრო თუ რესტორანი, აიტაცა ეს ინიციატივა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი იმუშავებენ საკუთარ თანამშრომლებთან, კონსულტაციები ექნებათ, რადგან ვაქცინაცია სრულად ნებაყოფლობითი პროცესია. მათ ნათლად დაინახეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული შეღავათები გავრცელდეს სწორედ ასეთ უსაფრთხო სასტუმროებზე. ასევე, მათგან იდეა იყო, რომ პრიორიტეტული ვაქცინაცია გავრცელდეს მათ ოჯახის წევრებზეც, თუ სურვილი ექნებათ, ჩვენ ამაზე აღვუთქვით დახმარება. ასევე საუბარი იყო იმაზე, სად მოეწყობა ვაქცინაციის პუნქტები. ამ ეტაპზე ითქვა რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება და იმ რეგიონეში უშუალოდ ამ ობიექტების მახლობლად ძალიან მაღალ დონეზე იქნება მოწყობილი [სივრცეები]. ბუნებრივია ,უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, თითოეული ობიექტი თავად თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს, მიიღებენ ამ კამპანიაში თუ არა მონაწილეობას, თუმცა დავინახეთ ძალიან სერიოზული ინტერესი”,-განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ტურიზმის სექტორი მთავრობისგან რამდენიმე თვეა ითხოვს, სახმელეთო საზღვრის გახსნაა. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის, შოთა ბურჯანაძისთვის გაუგებარია, ვაქცინირებულ ადამიანს საჰაერო გზით უშვებდე ქვეყანაში, ხოლო სახმელეთო გზით-არა.

საქართველოს ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარები და ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საჰაერო გზით PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან/და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ შეუძლიათ. როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენელბი ამბობენ, მინისტრისგან მხოლოდ მოისმინეს, რომ საზღვრის გახსნის საკითხზე მუშაოებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. თურნავამ არც ჟურნალისტებთან თქვა კონკრეტული თარიღი, თუმცა თქვა, რომ სახმელეთო საზღვრები შესაძლოა იმავე წესებით გაიხსნას, რა წესებიც საჰაერო გზით შემოსვლაზე არსებობს.

“რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითს, ამაზეც ვმუშაობთ. მუშაობა მიდის იმაზე, რომ დაახლოებით იმავე წესებით, რითიც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ, მისადაგდეს სახმელეთო საზღვრებთანაც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.  ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე.”

თბილისში მდებარე სასტუმრო “ადამოს” გენერალური მენეჯერი მაია მახათაძე ამბობს, რომ მათთან 35-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა ამ ეტპაზე ჯერ არ იცის, რამდენი გამოთქვამს ვაქცინაციის სურვილს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, საკუთარ დასაქმებულებს სწორად მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან მათ საკუთარი ნებით უნდა გადაწყვიტონ, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას.

“შეგვექმნა გარკვეული საინტერესო წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იქცეს ტურიზმი ყველაზე უსაფრთხო განთავსების სფეროდ, რომელიც იქნება გარანტია საერთაშორისო მოგზაურისთვის, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდა უსაფრთხო განთავსების ობიექტები, უსაფრთხო რესტორნები  და ტურ-ოპერატორები. რაც შეეხება თანამშრომელბს, მათთან დაიწყება სამუშაო ტიპის შეხვედრები და გათვალისწინებული იქნება თითოეული თანამშრომლის ნება. [ვაქცინაცია ჩაუტარდებათ] მხოლოდ ნებაყოფლობით. ტურიზმის ადმინისტრაციასთან სამუშაო ტიპის ურთიერთობა დაიწყება, ჩვენ გადავცემთ მათ სიებს. შეთავაზება იყო, რომ ადგილზე მოსულიყვნენ მედიკოსები და ადგილზე ჩატარებულიყო აცრები, მაგრამ რადგან ქვეყანაში ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათთვის ალბათ ბევრად უსაფრთხოა ისევ კლინიკები. ამიტომ, როგორც სხვა მოქალაქეები იკეთებენ აცრას, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც ასე [ავიცრებით]”,-უთხრა ნეტგაზეთს მაია მახათაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა გარკვეული შეღავეთების დაწესება იმ ობიექტებისთვის, რომლებიც მთავრობის ამ ინიციატივას შეარულებენ და თანამშრომლებს აცრიან. მახათაძე გვეუბნება, რომ ამ შეღავეთებზე საუბარი ნაადრევია. მისგან განსხვავებით რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გარკვეული შეღავათების დაწესების იდეით თავადაც მიმართა. მათ შორის არის გარკვეული ფასდაკლება აცრილი მომხმარებლებისთვის. შეღავათებზე არც მინისტრმა ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა, მსჯელობენ გარკვეული შეღავათების დაწესებაზე არა მხოლოდ ტურისტული სექტორითვის, არამედ ყველა ვაქცინირებული მოქალაქისთვის.

ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

“შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ვისაც ვაქცინის გაკეთების სურვილი ექნება, გარკვეული სარგებელი მიიღოს როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან. თუ რა სახის იქნება ეს შეღავათები, ჩემი მხრიდან, როგორც კერძო ბიზნესის წარმომადგენლისგან, ჩვენს რესტორნებში გარკვეული ფასდაკლება ექნება ყველა იმ ადამიანს[თანამშრომელს], რომელიც მოვა და მომსახურებას მიიღებს. ასევე ჩემი ინდივიდუალური ინიციატივა იქნება, რომ არა მარტო თანამშრომლებზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე [გავრცელდეს] ეს იდეა. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სარგებელზე, როგორც მინისტრმა განგვიმარტა, გარკვეული იდეა არსებობს და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. ისინი თავად წარადგენენ ამ შეღავათებს”,-ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძე გვეუბნება, რომ უპირველესად, რასაც საქტორი ითხოვს, 9 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ვაქცინაციის ამ კამპანიას აზრი არ ექნება.

4 მაისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, “COVID უსაფრთხო” დაწესებულების სტატუსით ისარგებლებს.

აღნიშნულის ფარგლებში, თურნავას თქმით, სახელმწიფო დაეხმარება სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურისტულ სფეროში მომუშვე სხვა დაწესებულებებს საერთაშორისო პლატფორმებზე რეკლამირებაში. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. მთავრობა კი შესაბამისი ასოციაციების გავლით დაეხმარება ამ სექტორის კომპანიებს, შეადგინონ სიები ორგანიზებულად აცრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი