ახალი ამბები

ამნისტიაში ბრალდებულის თანხმობის ჩანაწერზე მედიატორებს რეაგირება ექნებათ – სამნიძე

5 მაისი, 2021 • 802
ამნისტიაში ბრალდებულის თანხმობის ჩანაწერზე მედიატორებს რეაგირება ექნებათ – სამნიძე

რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, მოლაპარაკებებზე არ ყოფილა საუბარი, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია მხოლოდ იმას უნდა შეხებოდა, ვინც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტში ბრალდებულის თანხმობის ჩაწერა იმდენად ეწინააღმდეგება შარლ მიშელის ეგიდით შემდგარ შეთანხმებას, რომ ამას მედიატორების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

“ეს არის წარმოუდგენელი, რაც გამოქვეყნების შემდეგ ვნახე. ჯერ ერთი, საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი არცერთ შეხვედრაზე. საუბარი იყო, როგორც სტანდარტია ყველა ამნისტიის დროს, როდესაც ამნისტია გამოიცემა, თუ რომელიმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, ამაზე აქვს წინააღმდეგობა, შეუძლია გაასაჩივროს, უარი თქვას ამნისტიაზე და დაელოდოს სასამართლოს და მსჯავრს, იბრძოლოს სასამათლოში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში ჩვენ შევძლებთ „ქართული ოცნების“ დარწმუნებას, სხვა შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენი მედიატორების განცხადებები იქნება აქტიური, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ჩანაწერს.[…] ეს ჩანაწერი იმდენად წინააღმდეგობაშია ხელშეკრულებასთან, რომ მე დარწმუნებული ვარ, მედიატორები ამაზე მოახდენენ რეაგირებას”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი