პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ე.წ. მესამე ძალა ოპოზიციურ ველზე დომინანტი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიცია უნდა იყოს და ხელისუფლებისაც.
ასე გამოეხმაურა ქადაგიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებებს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
“როდესაც მესამე ძალაზე ვლაპარაკობთ და კონკურენციაზე, უნდა დავინახოთ, რომ მესამე ძალის შექმნა ნიშნავს, პირველ რიგში, კონკურენციას ოპოზიციურ ველზე. როდესაც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები ხედავენ, რომ კონსოლიდირება განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო არის უპერსპექტივო, სწორედ ამ შემთხვევაში იწყებენ საუბარს, რომ ალტერნატივა გააკეთონ. ბუნებრივია, ხელისუფლების ოპოზიციაც უნდა იყოს, მაგრამ ოპოზიცია იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც ითვლება ოპოზიციურ ფლანგზე დომინანტად. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ლაპარაკია იმაზე, იქნება თუ არა ახალი, უფრო ძლიერი ოპოზიციური ძალის შექმნა”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდეც არაერთი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, რომელსაც ამბიცია ჰქონდა, რომ ენმ-ის და ხელისუფლების ალტერნატივა ყოფილიყო, თუმცა საკმარისი წონა არცერთს აღმოაჩნდა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა მესამე პოლიტიკურ ძალად ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს, ქადაგიშვილი პასუხობს:
“ყველას აქვს ეს ამბიცია [იყოს მესამე ძალა] და მოუწევთ კონკურენცია ერთმანეთთან. ამის შანსი ბევრს აქვს და მათ შორის გახარიას ექნება. ვის გამოუვა, ქართველი ამომრჩეველი დაგვანახებს, როდესაც არჩევნების დღე მოვა”.