ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაირამ მამადლი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს – Meydan TV

5 მაისი, 2021 •
აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაირამ მამადლი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს – Meydan TV

აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაირამ მამადლი (მამადოვი) თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. მეგობრების ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვალების მიზეზი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული ოპოზიციური მედია, Meydan TV ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მამადლის ცხედარი პოლიციამ ზღვიდან ამოასვენა და ის მეგობრებმა ამოიცნეს.

მამადლის მეგობარი ქიას იბრაჰიმი (იბრაჰიმოვი), რომელიც ბაქოში იმყოფება, ფეისბუკზე წერდა, რომ მამადლის ბოლოს 3 დღის წინ ესაუბრა. Meydan TV-ის ცნობით, სტამბოლში მყოფ მის სხვა მეგობრებს 2 მაისის შემდეგ მისგან არაფერი სმენიათ და არ იცოდნენ, სად იყო.

„როდესაც მისმა მეგობარმა პოლიციაში დარეკა მამადლის მოსაძებნად, აცნობეს, რომ დაღუპული იყო. ცხედარი ჯერ ნათესავებს არ უნახავთ. მისი ფოტო პოლიციამ მეგობრებს აჩვენა და მათ ამოიცნეს“, – იუწყება გამოცემა.

მამადოვი, ქიას იბრაჰიმოვთან ერთად, რამდენიმე წლით დაპატიმრებული იყო ჰეიდარ ალიევის ძეგლზე საპროტესტო წარწერების [„გილოცავთ მონების დღეს“, „მოგი**ანთ სისტემა“] გამო.

მათ დაკავებას ბაქოში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა; მათი მხარდამჭერი აქციები გაიმართა თბილისშიც. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მათ პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ

2016 წლის ოქტომბერში ბაქოს სასამართლომ მათ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ისინი 2019 გამოუშვეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეწყალების საფუძველზე.

ბოლო პერიოდში მამადოვი თურქეთში ცხოვრობდა.

ალიევის ძეგლზე გრაფიტისთვის 10-წლიანი პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი