ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის ძეგლზე გრაფიტისთვის 10-წლიანი პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს მიუსაჯეს

9 დეკემბერი, 2016 • 7069
ალიევის ძეგლზე გრაფიტისთვის 10-წლიანი პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს მიუსაჯეს

აზერბაიჯანელი აქტივისტი და მოძრაობა Nida-ს წევრი ბაირამ მამედოვი ბაქოს სასამართლომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ბაირამ მამედოვი და სხვა აქტივისტი გიას იბრაგიმოვი 2016 წლის 10 მაისს მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდებმა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მონუმენტზე გრაფიტით წარწერა დატოვეს.

2016 წლის ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე 22 წლის აზერბაიჯანელ აქტივისტს, გიას იბრაგიმოვს.

აქტივისტმა გიას იბრაგიმოვმა და მოძრაობა nida-ს წევრმა, ბაირამ მამედოვმა ბაქოში 2016 წლის 10 მაისს აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე დატოვეს წარწერები – “Qul bayramınız mübarək!” (გილოცავთ მონების დღეს!] და “Fuck the system!”. ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტი 10 მაისს, ყვავილების დღესასწაულზე გაჩნდა, რომელიც ყოველ წელს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე აღინიშნება. წარწერები პოლიციამ მალევე წაშალა და ძეგლთან მორიგეობა დააწესა.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty İnternational-მა ისინი “სინდისის პატიმრებად” ცნო.

“განაჩენი, რომელიც გიას იბრაგიმოვს გამოუტანეს, ფიქტიურ ბრალდებას ეფუძნება და ყველანაირი განსახვავებული აზრის წინაშე ხელისუფლების შიშის დემონსტრირებას ახდენს,” – ასე შეაფასა ოქტომბერში იბრაგიმოვის საქმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House.

ბაქოს სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება საპროტესტო აქციით აქტივისტების ჯგუფმა გააპროტესტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი