ახალი ამბები

გამყრელიძე უარყოფს ლადო კახაძის ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ინდური შტამი გავრცელდა

4 მაისი, 2021 •
გამყრელიძე უარყოფს ლადო კახაძის ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ინდური შტამი გავრცელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევებით არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელების ფაქტი.

“ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა [ინდური შტამის გავრცელების ფაქტი]. ბატონ ლადოს შესაძლოა აქვს სხვა მონაცემები”, – განაცხადა ამირან გამუყრელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, დასტურდებოდა თუ არა პარლამენტის წევრის, ლადო კახაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ქვეყანაში ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა” დაფიქსირდა.

“ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა. ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს [ინდური შტამი], არსებობს, მაგრამ რასაც ჩვენ ვიკვლევთ, ძირითადად არის ბრიტანული შტამი. IHME-ს ინსტიტუტი გვეხმარება პროგნოზირებაში, რომლის მიხედვითაც, “ქვეყანაში დომინანტია ბრიტანული შტამი, რომელიც ახდენს სხვა შტამების სუპრესიას”, ანუ ძირითადად დომინირებს ბრიტანული შტამი, ისევე, როგორც მთლიანად ევროპაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 4 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა “ინდური შტამის რამდენიმე” შემთხვევა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ როდის გავრცელდა ინდური შტამი საქართველოში, ლადო კახაძემ უპასუხა, რომ ამაზე ვერ უპასუხებდა.


კორონავირუსის ინდური შტამი ვირუსის შედარებით ახალი მუტაციაა, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა.

შტამის შესახებ კვლევები ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდური შტამი სხვა მუტაციებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი