საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხურვალეთში, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა.
როგორც სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ინციდენტი ქართული მხარის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა და მალევე ამოიწურა. ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ტიპის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, რომელიც მედიას მიაწოდა, “ინციდენტი მოხდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამას ვამტკიცებთ ჩვენ. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 4 ადამიანი გადმოვიდა, მოაწყვეს გარკვეულწილად პროვოკაცია, ჰქონდათ ძალიან ხამამაღლი საუბარი პოლიციასთან, პოლიციამ ისინი გააბრუნა უკან, არ დააკავა. ეს ინციდენტი განმეორდა 2-ჯერნან 3-ჯერ, აშკარად იგრძნობოდა რუსული საოკუპაციო ძალების ზურგი.
მე ვფიქრობ, რომ დიახ, უნდა დაეკავებინათ ეს ადამიანები, ვინაიდან აქ არსებობს ოკუპაციის ხაზი, რომლის გადაკვეთა როგორც ჩვენ მოქალაქეებს ეკრძალებათ, ასევე, მეორე მხრიდან, მით უმეტეს, როცა ჩვენი სამი მოქალაქე იმყოფება ცხინვალის ციხეში”, – თქვა დავით ქაცარავამ.