ახალი ამბები

იმედგაცრუებულები ვართ “ოცნების” მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო — აშშ-ის საელჩო

29 აპრილი, 2021 • 1745
იმედგაცრუებულები ვართ “ოცნების” მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო — აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებზე. საელჩო აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯით და ახსენებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველ პარტიას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად”.

პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენითაც მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც:

  1. მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის;
  2. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

არასამთავრობოები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ცვლილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული ხდება“.

მეორე და მესამე მოსმენა ერთ დღეს, 29 აპრილს გაიმართა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები.

ვრცლად ამ თემაზე:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამკაცრებული სანქციები მე-3 მოსმენითაც მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი