ახალი ამბები

ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება იწყება — რუსული მედია

29 აპრილი, 2021 • 673
ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება იწყება — რუსული მედია

რუსეთის ცენტრალური საინფორმაციო საშუალების წყაროს ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი, ახალი გამოძიება დაიწყეს. პროკურატურა მას არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნას ედავება, რომელიც “მოქალაქეთა უფლებებს და პიროვნებას ხელყოფს”.

“რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიხედვით, გაიხსნა ახალი საქმე ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. თუ ბრალი დადასტურდება, მას შესაძლოა ემუქრებოდეს 3 წლამდე პატიმრობა. საქმეში სხვა ბრალდებულებიც არიან, მათ შორის, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი”, — განუცხადა რუსეთის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოს წყარომ.

წყაროს ცნობით, ინფორმაცია ახალი საქმის შესახებ შეტანილია პროკურორის მოთხოვნაში ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის  ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ.

ნავალნის ფონდის ადვოკატმა ივან პავლოვმა განაცხადა, რომ წინასწარ ვერ გააკეთებს კომენტარს მომხდართან დაკავშირებით. “რადგან საქმე შეიცავს საიდუმლო ფაილებს, თუმცა ყველა საიდუმლო ადრე თუ გვიან გამჟღავნდება”, — განაცხადა მან.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლვის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მალევე, საკუთარი ორგანიზაციისთვის შემოწირული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

იგი ამჟამად საპატიმროში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი