ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 აპრილს, პატიმრობაში დატოვა.
საქმის პროკურორის, ანა კვიჟინაძის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა პირადი თავდებობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე, თუმცა, ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
“დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეების გამო თითოეული ბრალდებულის მიმართ სასამართლომ პატიმრობა დატოვა ძალაში”, — განმარტა პროკურორმა.
ამასთან, კვიჟინაძის თქმით, ვახო სანიასა და მის მეუღლეს მუქარის წერილებს უგზავნიან, რაზეც დაწყებულია ცალკე გამოძიება. პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, კონკრეტულად რა სახის მუქარაზეა საუბარი და ვინ აგზავნის ამ წერილებს, თუმცა, მისი თქმით, წერილები პენიტენციური დაწესებულებიდან არ იგზავნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] და ვატო შაქარაშვილი.
ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლო მედიის გავლენის ქვეშ არის მოქცეული და იმ მუხლის საფუძველზე, რომლითაც ბრალდებულების წინააღმდეგ მიმდინარეობს პროცესი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ უნდა რჩებოდნენ საპატიმროში.
“ეს ახალგაზრდები აღდგომა დღეს დატოვეს ციხეში, სამწუხაროდ, სანაია ასამართლებს და ჟურნალისტების ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ვიმყოფებით ყველა. თქვეს, რომ სანაიასთვის ვიღაცას წერილი გაუგზავნია და გამწარებული კაცი სანაიას რა მესიჯს გაუგზავნის, თურმე ამ ბიჭების პასუხისმეგბლობა ყოფილა ესეც. ამ ქვეყანაში კანონი არის დღეს ტელევიზია” ,— განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძემ დ ვატო შაქარაშვილმა დღეს სასამართლოში მიიტანეს დოკუმენტი, რიმლის თანახმადაც, მათი თქმით, ბრალდებულებს 2000-ზე მეტი ადამიანი უდგება თავდებში. ამასთან, პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვენენ ბრალდებულების მხარდამჭერებიც.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები: გიორგი სახელაშვილი, ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სანაიას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, უთხრა, რომ დაცვის მხარე დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას და 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სანაიაზე თავდასხმა დაგმეს უმაღლესი თანამდებობის პირებმა, აშშ-ის საელჩომ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სხვა არაერთმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ.