ახალი ამბები

რუსეთი ქვეყნიდან ევროპელ დიპლომატებს აძევებს

28 აპრილი, 2021 •
რუსეთი ქვეყნიდან ევროპელ დიპლომატებს აძევებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვის საელჩოს ორმა თანამშრომელმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.

ჯამში, რუსეთის საგარეო უწყებამ ქვეყნიდან დღეს შვიდი უცხოელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება განპირობებულია “ტალინის, რიგისა და ვილნიუსის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკისადმი რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედების დროს ფსევდოსოლიდარობის გამოცხადებით”.

გარდა ბალტიელებისა, მოსკოვმა ქვეყნის დატოვება მოსთხოვა სამ სლოვაკ დიპლომატსაც, რომლებიც პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ დაიბარეს სლოვაკეთის ელჩი და აცნობეს, რომ “სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილება, გამოხატონ ყალბი სოლიდარობა ჩეხეთის რესპუბლიკისადმი თავის პროვოკაციულ, ანტირუსულ კამპანიაში აზიანებს ტრადიციულად მეგობრულ სლოვაკურ-რუსულ ურთიერთობებსა და კონსტრუქციულ ორმხრივ თანამშრომლობას”.

რუსეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბალტიის ქვეყნებისა და სლოვაკეთის მიერ, ჯამში, შვიდი რუსი დიპლომატის ქვეყნებიდან გაძევება და ჩეხეთისადმი სოლიდარობის გამოცხადება.


ჩეხეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებულ ტყვია-წამლის საცავს, რაც, ჩეხური მხარის მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი იყო. აფეთქებას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

მომხდარის გამო, ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 ოფიციალური პირი. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციამ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

მოგვიანებით, ჩეხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა დაეტოვებინა 63 რუს დიპლომატსა და მათ ოჯახებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რუსული მოქმედებაც. საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, პრაღისა და მოსკოვის საელჩოებში დიპლომატთა რიცხვი 7 ერთეულამდე შემცირდება.

კრემლის განცხადებით, ჩეხეთის მოქმედებები “ისტერიაა”.

ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა ნატომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი