“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან ერთი საერთო კანდიდატის საკითხი დადგება და ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომაგდენელი, ვაშაძე “დიდი ალბათობით” მას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევქმნათ ის მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქვეყნის განვითარების გასაღებია. უფრო მეტსაც გეტყვით, შარლ მიშელის დოკუმენტზე “ქართული ოცნებაც” უარს ამბობდა ხელმოწერაზე და “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე არასწორ პოზიციას იჭერს. თუმცა მათ თქვეს, რომ საბოლოო ჯამში, შეუერთდებიან და შევლენ პარლამენტში. ზუსტად ამ დოკუმენტმა აჩვენა, რომ მესამე ახალმა გზამ, რომელმაც უფრო კარგად დაინახა საზოგადოების საჭიროება, გადატეხა ფაქტობრივად ეს შეთანხმება”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დასავლელი პარტნიორების ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს აქვთ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტით აიძულეს “ქართულ ოცნებას”, ეღიარებინა პოლიტპატიმრები, ეღიარებინა, რომ 2020 წლის არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, დათანხმებოდა რეფერენდუმზე და ა.შ”.
ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული “ახალი თანხმობის მოდელით” ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოვა.
“თუ ერთი-ერთზე დავტოვებთ “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს და რა პარტიებმაც არ უნდა დაუჭირონ მხარი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იქნება “ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ეს არის “ქართული ოცნების” გამარჯვების ფორმულა. ზუსტად ამას ცდილობს ყოველთვის “ქართული ოცნება”, – განაცხადა ვაშაძემ.
19 აპრილს “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ გამოთქვა სურვილი, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, დიდ ქალაქებში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდეს, დედაქალაქში კი ეს იყოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია. მან ასევე აღნიშნა, რომ 15 მაისს ოპოზიციის დაგეგმილი აქცია ამ გზით შეჯერებული მერობის კანდიდატების “ნომინაციის საზეიომო მანიფესტაციად” უნდა გადაიქცეს.
“ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს, რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ”, — წერდა უგულავამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.