ახალი ამბები

რა ხარვეზები გამოვლინდა საარჩევნო დავების განხილვის პროცესში — საიას ანგარიში

27 აპრილი, 2021 • 843
რა ხარვეზები გამოვლინდა საარჩევნო დავების განხილვის პროცესში — საიას ანგარიში

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) საარჩევნო დავების ანალიზის შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საია აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საარჩევნო დავებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში.

ანგარიშში მოცემულია საარჩევნო დავების განხილვის პროცესში გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაანალიზებულია საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახული პრობლემური პრაქტიკა.

კანონმდებლობის მიმოხილვა

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველო ინარჩუნებს საარჩევნო დავების წარდგენისა და გადაწყვეტის არსებითად პრობლემურ კანონმდებლობას. კერძოდ, საიას შეფასებით, საარჩევნო დავების განხილვისთვის დადგენილი ვადების სიმცირე მნიშვნელოვანი ბარიერია სათანადო დასაბუთების მომზადების, შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებისა და საჩივრის წარდგენის თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, რომ არ არსებობს ელექტრონულად მისი გაგზავნის წესი.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა.

საია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული პრაქტიკა საარჩევნო კანონმდებლობის განმარტებასთან დაკავშირებით ხშირად კანონსაწინააღმდეგო და არაერთგვაროვანია, გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი არის გამოსავალი საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიმართ ეჭვების გამორიცხვის თვალსაზრისით.

დოკუმენტის მიხედვით, პრობლემად რჩება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების/განჩინების ჩაბარების ვადებთან დაკავშირებული სათანადო რეგულაციების არარსებობა:

“კერძოდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში საქმის გადაგზავნის, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის დაწყებისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ცხად ვადებს, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო დავების დროულ განხილვაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საარჩევნო დავების ანალიზი

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო დროს ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რიგ შემთხვევებში, დაუკავშირა ფინანსური რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხს და დამოუკიდებლად არ შეფასდა, ჰქონდა თუ არა ადგილი საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო დროს ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტს.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონმდებლობის ამგვარი განმარტება და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ცალსახა და არაორაზროვანი მოთხოვნის იგნორირება აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, იწვევს სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და საჯარო სამსახურის პოლიტიზებას.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტის არარსებობას, თითქმის ყველა შემთხვევაში, ადგენდა მხოლოდ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ჩვენების საფუძველზე. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო მძიმე პრეცედენტს ქმნის ჯანსაღი საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით და ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალურ ორგანოდ იდენტიფიცირებას.

დოკუმენტის მიხედვით,  წინასაარჩევნო პერიოდში იმ პირის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებები, რომელიც იმ კონკრეტულ დროს არ არის წარდგენილი საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციისთვის, თუმცა უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც მომავალი კანდიდატი, არ კვალიფიცირდება აგიტაციად და ეს ქმედება რჩება რეაგირების გარეშე.

ამდენად, ის ფაქტი, რომ პირი ფორმალურად არ არის კანდიდატად რეგისტრირებული, საიას თქმით, ხდება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლების არმქონე პირების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი:

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად არ რეაგირებდა. მან უარი თქვა იმ ტიპის საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო პროექტზე საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების მონაწილეობას შეეხებოდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი სტანდარტით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნაწილად არ მიიჩნევა ისეთი ღონისძიებები, რომლებშიც გაცხადებული არ არის, რომ ხორციელდება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად.

იმავდროულად, ანგარიშის ავტორების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიუთითა, რომ ყველა დასახელებული ღონისძიება იყო საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასზე დასწრება, რაც ასევე გამორიცხავდა ღონისძიების წინასაარჩევნო აგიტაციად/კამპანიად კვალიფიცირებას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის/კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის ამგვარი ვიწრო განმარტება არსებულ სახელისუფლებო უმრავლესობას უპირატესობას ანიჭებს და ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. აღნიშნული, საიას თქმით, კანონზომიერად განაპირობებს სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირებას და კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან აფილირებას, შედეგად კი, შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიებს შორის:

“საარჩევნო დავების განხილვის/გადაწყვეტის პროცესში გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის არასწორად გამოყენების/განმარტების ტენდენცია. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობას ხშირად ვიწროდ, ამასთან, არაერთგვაროვნად განმარტავდა. საჩივრების განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანმიმდევრულად და დაუსაბუთებლად. კომისიები სრულყოფილად არ იკვლევდნენ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ სწავლობდნენ წარდგენილ მტკიცებულებებს ან/და არ უზრუნველყოფდნენ საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებების მოპოვებას.

ასევე, როგორც წესი, კანონით დადგენილი წესით სხდომაზე კომისიები არ იბარებდნენ მოწმეებს და იმ პირებს, რომელთა დისციპლინირების საკითხიც განიხილებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამგვარი მიდგომები საჩივრების თავიდან არიდების მიზნით იყო დეტერმინირებული. დარღვევის გამართლებისთვის გამოიყენებოდა ნებისმიერი არგუმენტი და ობიექტურად იქმნებოდა განცდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა დარღვევებზე ეფექტიანად რეაგირების ნება, რაც საჩივრების წარდგენას და მათი განხილვის პროცესს ფორმალურს ხდიდა” ,- წერია ანგარიშში.

ამასთან, საიას თქმით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას კომისიების თავმჯდომარეებს ჰქონდათ მცდელობები, საკუთარი პოზიცია მიენიშნებინათ კომისიის სხვა წევრებისთვის და ამით ირიბად მოეხდინათ გავლენა მათ გადაწყვეტილებაზე. რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის სამუშაო გარემო კი არ იყო სათანადოდ მოწყობილი, რის გამოც დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა.

ორგანიზაციის თქმით, ასევე არათანმიმდევრული იყო კომისიის მიდგომები გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, მსგავსი საჩივრების გაერთიანებისა და განუხილველად დატოვების თაობაზე. საიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია მსგავს საჩივრებს არ გააერთიანებდა, ერთ-ერთი მათგანის განხილვაც კი სხვა საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი ხდებოდა. შედეგად, ანგარიშის ავტორების თქმით, საჩივრის ყველა ავტორს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, სადავო საკითხზე საკუთარი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინა.

“არსებული რეგულაციების მიუხედავად, საიას წარმომადგენლებს რამდენიმე შემთხვევაში არ მიეცათ შესაძლებლობა, პროცესს დისტანციური ფორმით დასწრებოდნენ. შესაბამისად, მოუწიათ, სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ მათი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათო პირობებში, ან საერთოდ ვერ ისარგებლეს ამ უფლებით” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მომდევნო დღეს შესწორების ოქმის შედგენის უფლებამოსილება დაბალი სტანდარტით დამკვიდრდა და, როგორც წესი, შაბლონური, არასარწმუნო შინაარსის ახსნა-განმარტებები, დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, მონაცემების შესწორების საფუძველი ხდება.

ანგარიშის ავტორების თქმით, ზოგჯერ შესწორების ოქმი შედგენილია ისე, რომ ფორმალური შინაარსის ახსნა-განმარტებაც არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, საია-ში მიიჩნევენ, რომ არსებული პრაქტიკა გასაჩივრებულ შემაჯამებელ ოქმში ასახული შედეგების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კერძოდ, დოკუმენტის ავტორების თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს, მომდევნო დღეს შედგენილ შესწორების ოქმებს ან/და ოლქის მიერ საკუთარი ინიციატივით მიღებულ განკარგულებებს, მათი ბუნდოვანების და არადამაჯერებელი შინაარსის მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი გადამოწმების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიები და სასამართლო, როგორც წესი, სანდოდ მიიჩნევდნენ.

“ისინი არ ხსნიდნენ დალუქულ დოკუმენტაციას და არ აზუსტებდნენ ფაქტებს მონაცემების გადამოწმების გზით. მათ შორის, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია ღიად აფიქსირებდა, რომ ისინი ყველაფერს ვერ გადაამოწმებდნენ, რადგან „ეს [ოლქი] არ იყო სასამართლო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაკლებობით გამოხატულ დისბალანსს არც საოლქო საარჩევნო კომისიები და არც სასამართლო დარღვევად არ მიიჩნევენ, რაც გასაჩივრებული უბნის შედეგების ხელახალ გადათვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

ამასთან, პრობლემად რჩება სასამართლოს მიერ დამკვიდრებული კიდევ ერთი პრაქტიკა, რომლის თანახმად, შემაჯამებელი ოქმის კანონიერებაზე პრეტენზიები ხმის დათვლის პროცესში უნდა დაფიქსირდეს.

სხვა შემთხვევაში, საიას თქმით, მოსარჩელე კარგავს ოქმში ასახული მონაცემების სანდოობაზე დავის შესაძლებლობას. ის გარემოება კი, რომ ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით საარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა, ორგანიზაციის განცხადებით, ვერ იქნება შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემების სანდოობის საფუძველი.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით რამდენიმე ხარვეზი გამოიკვეთა. კერძოდ, დადგინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მასზე უარის თქმის შესახებ მიღებულ განკარგულებებს სათანადოდ არ ასაბუთებენ.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი არ იყენებენ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესებს ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომის შესარჩევად. საერთო სასამართლოები კი, საიას განცხადებით, არასწორად განმარტავენ შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს და ამ საკითხს საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციის ფარგლებში მოიაზრებენ.

რეკომენდაციები

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საიამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება, ორგანიზაციის თქმით, ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბარიერების ან/და პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას. კერძოდ, ორგანიზაცია მიმართავს:

საქართველოს პარლამენტს

  1. საარჩევნო დავებზე გაიზარდოს გასაჩივრებისა და საქმის განხილვის კანონმდებლობით
    დადგენილი ვადები;
  2. კანონმდებლობით ცალსახად განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება;
  3. კანონმდებლობით დარეგულირდეს სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოდან საქმის მასალების გადაგზავნის ვადა, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დაწყების მომენტი და სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა;
  4. განისაზღვროს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის ელექტრონულად წარდგენის უფლება და სათანადო პროცედურა;
  5. კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის დროს მხედველობაში იყოს მიღებული, ბოლო არჩევნებზე კომისიის წევრობის კანდიდატის მიმართ არის თუ არა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

საარჩევნო ადმინისტრაციას

  1. გადაიხედოს არსებული პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო მოხელეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, საჯარო სკოლების პედაგოგების მიერ აგიტაციის გაწევა/აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და სამუშაო დროს ამგვარი ქმედება დარღვევად შეფასდეს იმის მიუხედავად, პირი ამ პროცესში იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს;
  2. იმ პირების მხრიდან, რომელთაც ეკრძალებათ აგიტაციის გაწევა/აგიტაციაში მონაწილეობა, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერ შეხვედრებში მონაწილეობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაკვალიფიცირდეს, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა იმის მიუხედავად, პირი დამატებით ახორციელებს თუ არა საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის კანდიდატის არჩევას. ამავდროულად, ბუნდოვანია, რას მიიჩნევს საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო მოქმედების განხორციელებად;
  3.  წინასაარჩევნო აგიტაციის ნაწილად ჩაითვალოს ღონისძიებები იმის მიუხედავად, გაცხადებული არის თუ არა, რომ ისინი ხორციელდება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით, მაშინ, როდესაც, შინაარსობრივად, ამგვარი ღონისძიება ხელს უწყობს ან/და ხელს უშლის კონკრეტული პირის არჩევას;
  4. აღმოიფხვრას საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრის ფორმალურად განხილვის პრაქტიკა და გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიების მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი. დაინერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, მათ შორის, მსგავსი ტიპის საჩივრების ერთ წარმოებად განხილვასთან დაკავშირებით;
  5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებები ან/და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს შედგენილი შესწორების ოქმები არ ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად და მათი ნამდვილობა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის გზით;
  6. წარდგენილი საჩივრების განხილვისას საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაეყრდნოს მხოლოდ კანონმდებლობის დარღვევაში მხილებული პირის ახსნა-განმარტებებს, არამედ სრულყოფილად, ყოველ მხრივ გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება;
  7. საჩივრების განხილვის დასრულებამდე უზრუნველყოფილი იყოს საჩივრის ავტორის უფლება, წარადგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
  8. უზრუნველყოფილი იყოს საოლქო საარჩევნო კომისიების იმგვარი სამუშაო გარემო, რომ ერთიან სივრცეში ხდებოდეს როგორც საარჩევნო დოკუმენტაციის, ისე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მიღება;
  9. საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ სხდომების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება;
  10. გაიზარდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა ან მასზე უარის თქმის შესახებ განკარგულების დასაბუთების ხარისხი. მასში აისახოს ის გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც შეისწავლა კომისიამ და რომლებიც განკარგულების მიღების საფუძველი გახდა.
  11. საოლქო საარჩევნო კომისიებმა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას გამოიყენონ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესები, რათა შერჩეული პასუხისმგებლობის ზომა იყოს ადეკვატური. კერძოდ, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, გადაცდომის ჩამდენის პიროვნება, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.

საერთო სასამართლოებს

  1. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას განხორციელდეს სასამართლო კონტროლი;
  2. გადაიხედოს სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, ახსნა-განმარტებების, კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს შედგენილი ოქმების ან/და ოლქის მიერ მიღებული განკარგულებით შესწორებული შემაჯამებელი ოქმები გადამოწმების გარეშე მიიჩნევა სარწმუნოდ;
  3. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მონაცემების სისწორესთან დაკავშირებით ეჭვის არსებობისას მათი ნამდვილობა გადამოწმდეს ყველა შესაძლო მტკიცებულების გამოკვლევის, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის გზით;
  4. გაიზარდოს სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დამკვიდრდეს ერთგვაროვანი, კანონთან შესაბამისი პრაქტიკა;
  5. გადაიხედოს სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის დადგენა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებად არის მიჩნეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი