“მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განმარტა, რატომ დაუჭირა მხარი პარლენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას.
ელისაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ფარისევლობა ქართულ პოლიტიკაში და ამ წესის შეცვლას შეეცდება.
“მეც და ლევან იოსელიანიც პირადად ვიცნობთ კახა კუჭავას. ვიცნობთ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას და განსხვავებით თუნდაც “ქართული ოცნების” ლიდერების 99%-ისგან და ზოგადად ქართველი პოლიტიკოსებისგან, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, და ალბათ, ვერც ვერავინ გაიხსენებს, თუნდაც ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს და განცხადებებს.
ვიმსჯელეთ და ვთქვით – რადგან ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ოპოზიციაში ვარ, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებ ვინმეს, არა?! ჩვენ გვინდა, ეს წესი დავამკვიდროთ პოლიტიკაში – რისიც გვჯერა, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა აირჩიეს. ამ პოსტზე მან არჩილ თალაკვაძე შეცვალა. პარლამენტის თაჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩევა, თუმცა კუჭავას კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ ორი ოპოზიციური ჯგუფის – “მოქალაქეების” და “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს.