ახალი ამბები

“ერთი ადამიანის ნება-სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება” — ოხანაშვილი მელიაზე

26 აპრილი, 2021 • 873
“ერთი ადამიანის ნება-სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება” — ოხანაშვილი მელიაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი არ იზიარებს ნიკა მელიას მოწოდებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის აქტის არმიღებაზე. ოხანაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის აქტის მიღება ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიატორობით მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

“ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ არის და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. ყველა ხელმოწმერმა პარტიამ აიღო ვალდებულება შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა. ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას და დეესკალაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტია ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული”, — უთხრა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, 26 აპრილს, ციხიდან განცხადება გაავრცელა. ის მზადყოფნას გამოთქვამს, გადაიხადოს გირაო, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.

მელია სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა “ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია”.

მელიას თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს და მოქალაქეებზე იძალადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი