ახალი ამბები

აქტივისტი პარლამენტთან სკანდირებდა: ის დააკავეს

23 თებერვალი, 2021 • 1468
აქტივისტი პარლამენტთან სკანდირებდა: ის დააკავეს

პარლამენტთან პოლიციამ დააკავა მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი, ნოდარ რუხაძე. როგორც “ნეტგაზეთს” მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, მარიამ დოლიძემ განუცხადა, საქმეში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ჩაერთო.

როგორც “სირცხვილიას” ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რუხაძე მარტო იდგა პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკართან და ხელისუფლების წინააღმდეგ სკანდირებდა.

“სამარცხვინო მონებო… ღარიბაშვილო, შენ არ იმსახურებ, ახლა იდგე იქ და პატივს სცემდე იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთაც საკუთარი თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, — სკანდირებდა რუხაძე.

მცირე ხნის შემდეგ აქტივისტთან თბილისის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი მივიდა და მოუწოდა, “გზიდან გადასულიყო”. რუხაძემ პოლიციელს უპასუხა, რომ ადგილს შეიცვლიდა, როდესაც ჭიშკარი გაიღებოდა. ამ მომენტში ის ჯერ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დააკავეს.

“თალაკვაძე, კალაძე და სხვები რომ გამოდიოდნენ და პარლამენტის ეზოში აძლევდნენ კომენტარებს, სამნი ჩავედით [პარლამენტთნ]: მე, ნოდარი და ლუკა, რომელიც “სირცხვილიას” ოპერატორია. ვიდეოში რომ გოგოები ჩანან, ისინი შემდეგ მოვიდნენ.

მე პარლამენტის წინ ჩავედი, ოპერატორი და ნოდარი იქ დარჩნენ. ნოდარი რაღაცებს იძახდა რუპორში და შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ჩანს. ვითომ, ამბობდნენ მიზეზს, რომ მანქანა უნდა გამოსულიყო და ხელს უშლიდა. ჯერ ერთი, არაფერი მანქანა არ გამოდიოდა, დაკეტილი იყო ჭიშკარი, და მეორეც, ნოდარი ეუბნებოდა, რომ როგორც კი ჭიშკარი გაიღება, მაშინვე გამოვიწევიო. ეგრევე სტაცეს ხელი და დააკავეს”, — უყვება “ნეტგაზეთს” მარიამ დოლიძე.

შსს-ს ინფორმაციით, რუხაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი