ახალი ამბები

თუ მელიას წინადადებას გაიზიარებს მედიატორი, ამას მხარს დავუჭერთ – ჯაფარიძე

26 აპრილი, 2021 • 792
თუ მელიას წინადადებას გაიზიარებს მედიატორი, ამას მხარს დავუჭერთ – ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ციხიდან ნიკა მელიას ბოლო განცხადებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ თუ მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას გაიზიარებს, პარტია ამ ცვლილებას დაეთანხმება.

საუბარია ნიკა მელიას ბოლო განცხადებაზე. ციხიდან გავრცელებული წერილით, მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დათანხმდეს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.

„ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც ალბათ, მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ“, – ამბობს ჟურნალისტებთან ბადრი ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ დღესაც გაიმეორა ოპოზიციის პოზიცია ამნისტიის კანონპროექტზე და თქვა, რომ ამნისტიის კანონი „ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს“. მისივე თქმით, თუ „ოცნება“ მოლაპარაკების დროს ოპოზიციას ისეთ ფორმულირებას შესთავაზებს, „ რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე – ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ,“.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მხარს დავუჭერთ მელიას ამ წინადადებას, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა… ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისფულდეს ხვალ, როდესაც ჩვენ შევალთ პარლამენტში.

მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნშვენლვოანი, თუ ის ამბობს, რომ მზად არის გირაოს დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი – ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“. – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი