ახალი ამბები

ოპოზიცია: „ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე, გვაქვს მკაფიო პოზიცია“

25 აპრილი, 2021 •
ოპოზიცია: „ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე, გვაქვს მკაფიო პოზიცია“

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც „ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი არ შეეხება „ჯალათებს, ბრძანებების გამცემებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს“.

ამნისტიის კანონის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება. ოპოზიცია დღეს გამართული შიდა შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვთ.

„ამნისტია შეიძლება მხოლოდამხოლდო გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, ადამიანებზე რომლებსაც უკვე აქვს წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან 16 ადამიანზეა საუბარი და არის 3 პოლიციელზე საუბარი.

თუმცა, ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა – მიმაჩნია მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს კანონპროექტში, ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობისა ამნისტირებაზე. ეს ამნისტირების კანონი ვერანაირად ვერ შეეხება მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე,“ – აცხადებს ჟურნალისტებთან სამადაშვილი.

ტელეკომაპნია „მთავართან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ პრინციპზე ოპოზიციას სუაბარი ჰქონდა როგორც მმართველ გუნდათ, ასევე მედიატორთან და „არ მაქვს განცდა, რომ გადაულახავი პროცესია“.

„თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელბდა. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან. დაზარალებულის თანხმობა ეს არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველაამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ. მთავარია, ზედმეტი ემოციების გარეშე შესრულდეს შეთანხმება,“ -აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით თანხმობის შესახებ საუბრობს პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ისიც აცხადებს, რომ „არავინ აპირებს რომ ჯალათებს შეეხოს ან ბრძანების გამცემენს, ან პოლიტიკური თანამდებობის პირებს,“.

ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, თბილისში იმართებოდა აქცია სახელწოდებით „არა ჯალათების ამნისტიას“.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

წაიკითხეთ ვრცლად:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი