კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის შემქნელი კომპანია Pfizer ამჟამად COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის დამზადებაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, თუ აშშ-სა და ბელგიაში ადამიანებზე ტესტირება წარმატებით ჩაივლის.
როგორც The Guardian წერს, ამჟამად ვაქცინის გარდა არ არსებობს პრეპარატი, რომელიც შეაჩერებს ადამიანებში Covid-19-ის მიმდინარეობას. თუმცა, ექსპერტების თქმით, თუ ასეთი წამალი შეიქმნება, ის საბოლოოდ დაასრულებს ე.წ. ლოქდაუნებს.
ანტივირუსული პრეპარატის სახელია PF-07321332 და შესაძლოა, მისი დახმარებით მოხდეს დაავადების მძიმე ფორმების პრევენცია იმ პირებში, რომლებსაც კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ გამოვლენილი.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი კორონავირსუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, ვაქცინა მაინც ვერ უზრუნველყოფს 100-პროცენტიან დაცვას. ამასთან, ადამიანების ნაწილი, რომლებიც იმუნიზაციას ვერ გაივლიან, კორონავირუსის მიმართ დაუცველები არიან.
აღნიშნული პრეპარატით კი მოხდება იმ ადამიანების დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისგან, ვის შემთხვევაშიც ვაქცინა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. ასევე, ის ეფექტური იქნება ვირუსის ახალი შტამების გაჩენის შემთხვევაშიც.
The Guardian-ის ცნობით, ამჟამად წამლის პირველი ფაზის კლინიკურ ტესტირებაში 60 ადამიანია ჩართული. კვლევის აღნიშნული ეტაპი 25 მაისს დასრულდება, რის შემდეგაც, თუ პრეპარატი უსაფრთხო აღმოჩნდება, უფრო ფარტომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება, რომლის დროსაც შემოწმდება, რამდენად ეფექტურია ის COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ.