“ქართული ოცნების” წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს, რომ თბილისის მერობის კანდიტატი 2021 წლის არჩევნებზე კახა კალაძე იყოს.
ამის შესახებ მან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერობის კანდიტატი შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე იყოს.
“ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის, კახა კალაძე იქნება[…]როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ კიდევ ერთხელ შევიდეს ამ ბრძოლაში. თუმცა ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან“ ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე იყოს”, — განაცხადა პაპუაშვილმა.
ბოლო თვეებია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახა კალაძე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. თუმცა აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვებს ცალსახად თავად კალაძე არ პასუხობს.
რაც შეეხება თალაკვაძეს, მან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. გადადგომის მიზეზად ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებებში ჩართულობა დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება მის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.