ახალი ამბები

ოხანაშვილი: არის პოზიციების შეჯერების რესურსი, თუ შეთანხმება გვინდა

25 აპრილი, 2021 •
ოხანაშვილი: არის პოზიციების შეჯერების რესურსი, თუ შეთანხმება გვინდა

დღეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პოზიციების შეჯერების რესურსი არის. თუმცა,„ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის როგორც შეთანხმებაშია ჩაწერილი – ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას“.

საუბარია 20 ივნისის კანონპროექტზე, ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.

„დღეს იყო საქმიანი შეხვედრა იმისთვის, რომ ხელმოწერა, რაზეც ჩვენ განვახორციელეთ – დოკუმენტით ნაკისრი პასუხისმგებლობა შესრულდეს. „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის როგორც შეთანხმებაშია ჩაწერილი – ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე
გავრცელებას.

თუ თქვენ იკითხავთ, კონვენციური საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიცია, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს. ამაზე შევთანხმდით კიდეც,“ – აცხადებს შეხვედრის შემდეგ ოხანაშვილი ჟურნალისტებთან.

ის განმარტავს, რომ მაგალითად, ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა არაადამიანური მოპყრობა ამნისტია არ გავრცელდება – სწორედ ეს გულისხმობს ადამიანის უფლებათა კონვენციური სტანდარტის დაცვას. დანარჩენ შემთხვევაში კი, ოხანაშვილის თქმით, ამნისტია „გავრცლდება ყველაზე და ყველაფერზე“. ის ასევე დასძენს, რომ ამ შეთანხმების ჩაშლის საშუალებას „ოცნება“ არავის მისცემს.

„სხვა დეტალები არის საქმიანი სამუშაო, იურიდიული ტექნიკა და ნიუანსები, რასთან დაკავშირებითაც გაიცვალა პოზიციები, არის აზრთა სხვადასხვაობები, არის რესურსი პოზიციების შეჯერების, თუ გვინდა, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ ვსაუბრობთ მარტივი ენის, როგორც ჩაიწერა დოკუმენტში – რომ ეს შეეხოს ყველას და ყველაფერს გარდა საერთაშორისო დადგენილი წესისა – ამას შევასრულებთ და ამას შეასრულებს „ოცნება“,“ – ამბობს ოხანაშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, ამნისტიის კანონპროექტში შევა თუ არა დაზარალებულის თანხმობის ნაწილი, ოხანაშვილი დეტალებით არ პასუხობს და ამბობს:

„ამ საკითხთან დაკავშირებით იყო პოზიციების გაცვლა- გაცვლა, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრიიტ, უნდა შევთანხმდე. თუ ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ფურცლის გადაშლა ნიშნავს ყველას ამნისტირებას,“ – ამბობს ის.

დღევანდელი შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა, თუმცა, მას თავად ელჩი არ ესწრებოდა. წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ამ შეხვედრისთვის ორივე მხარეს მათ ოფისი უბრალოდ დაუთმეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, შესვლამდე და შესვლის შემდეგაც მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ჯალათებზე ამნისტია არ გავრცელება“.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია


ოპოზიცია: „ამნისტია არ გავრცელდება ჯალათებზე, გვაქვს მკაფიო პოზიცია“

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც „ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი არ შეეხება „ჯალათებს, ბრძანებების გამცემებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს“.

ამნისტიის კანონის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება. ოპოზიცია დღეს გამართული შიდა შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მათ ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვთ.

„ამნისტია შეიძლება მხოლოდამხოლდო გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, ადამიანებზე რომლებსაც უკვე აქვს წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან 16 ადამიანზეა საუბარი და არის 3 პოლიციელზე საუბარი.

თუმცა, ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა – მიმაჩნია მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს კანონპროექტში, ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობისა ამნისტირებაზე. ეს ამნისტირების კანონი ვერანაირად ვერ შეეხება მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე,“ – აცხადებს ჟურნალისტებთან სამადაშვილი.

ტელეკომაპნია „მთავართან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ პრინციპზე ოპოზიციას სუაბარი ჰქონდა როგორც მმართველ გუნდათ, ასევე მედიატორთან და „არ მაქვს განცდა, რომ გადაულახავი პროცესია“.

„თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელბდა. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან. დაზარალებულის თანხმობა ეს არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველაამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ. მთავარია, ზედმეტი ემოციების გარეშე შესრულდეს შეთანხმება,“ -აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ამ საკითხზე ოპოზიციის შიგნით თანხმობის შესახებ საუბრობს პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ისიც აცხადებს, რომ „არავინ აპირებს რომ ჯალათებს შეეხოს ან ბრძანების გამცემენს, ან პოლიტიკური თანამდებობის პირებს,“.

ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, თბილისში იმართებოდა აქცია სახელწოდებით „არა ჯალათების ამნისტიას“.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

წაიკითხეთ ვრცლად:

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი