ახალი ამბები

20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიის პროექტს ეწინააღმდეგებიან და აქციას გეგმავენ

24 აპრილი, 2021 • 1033
20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიის პროექტს ეწინააღმდეგებიან და აქციას გეგმავენ

20 ივნისს დაზარალებულები და სხვა აქტივისტები კვლავ აკრიტიკებენ 2019 წელს, ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს. მათ 27 აპრილისთვის პარლამენტთან აქცია დააანონსეს.

“ჩვენი აზრით, ამნისტიის ეს კანონი არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით ან გარეთ ჰქონდეს იმის სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება, გადაწყვიტოს ისეთი საქმეები, რომლებიც ეხება უშუალოდ ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს.

…ამ სადამსჯელო ოპერაციის დროს დაშავდა ძალიან ბევრი ადამიანი. მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი. სახელმწიფოს მათი დიდი ნაწილი დაზარალებულად არ უცნია, სახელმწიფო მათ მკურნალობაში არ ეხმარება. იმის მაგივრად, რომ აქცენტი პოლიტიკური პარტიების მიერ დასმული იყოს ამ ყველაფრის შეფასებაზე, ხდება ამნისტია”, — თქვა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა 24 აპრილს.

20 ივნისის ღამით დაზარალებულმა გიორგი სულაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით პასუხისმგებლობა არავის მოეხსნება:

“ნუ ჩაგვაფურთხებთ სულში, იმიტომ, რომ სულში ჩაფურთხებულები თქვენ დარჩებით. ვინ გასცემს პასუხს კობა ლეთოდიანს, ვინ გასცემს პასუხს მაკო გომურს და ვინ გასცემს პასუხს დავით ქურდოვანიძეს?

რატომ გვესროლეს, ასე რატომ გაგვიმეტეს ქართველები? თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ თითოეულ იმ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა, პარლამენტში შევიდა და ფიქრობს, რომ ქვეყნის სასიკეთოდ კარგს აკეთებს. ძალიან ცდებით”.

დაზარალებულები აქციას 27 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტთან გეგმავენ.

ზემოხსენებულ განცხადებამდე 20 ივნისს დაშავებულმა 11-მა ადამიანმა შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა და 20 ივნისის ამნისტიის ნაწილი გააპროტესტა.

ამასთან, “საიამ” მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.


სწორედ 27 აპრილს უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები ამჟამად კანონპროექტზე მუშაობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი მხარეებისთვის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

შესაბამისად, თუკი შეთანხმებაზე ხელმომწერები ამნისტიის საერთო კანონპროექტზე ვერ შეთახმდებიან, არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანოში ერთის ნაცვლად ამნისტიის რამდენიმე კანონპროექტი ვიხილოთ.

ამასთან, ოპოზიციამ საუბარი დაიწყო ხსენებულ ამნისტიაში დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის ჩადებაზე. მაგალითად, “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული შეთანხმება ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება მთელი რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ.

იქნება თუ არა ამნისტიის შესახებ რამდენიმე კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი