ახალი ამბები

“სომეხთა გენოციდი” – ბაიდენის ისტორიული სიტყვა

24 აპრილი, 2021 • 1615
“სომეხთა გენოციდი” – ბაიდენის ისტორიული სიტყვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდად ოფიციალურად აღიარა.

24 აპრილს, ხსენებული მოვლენებიდან 106 წლის თავზე, ბაიდენმა დაწერა:

“ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც დაიღუპა ოსმალეთის ეპოქაში მომხდარი სომეხთა გენოციდის დროს და კვლავ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი სისასტიკის ოდესმე განმეორება”.

მისივე სიტყვებით:

“დღეს, როცა ვგლოვობთ მათ, ვინც დავკარგეთ, მოდით, მივაპყროთ ჩვენი თვალები მომავლისკენ — სამყაროსკენ, რომლის აშენებაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა; სამყარო, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველდღიური ბოროტებისგან და შეუწყნარებლობისგან, სადაც ადამიანის უფლებები დაფასებული იქნება და სადაც ყველა ადამიანს შეუძლია, იცხოვროს ღირსეულად და უსაფრთხოდ”.

აშშ-ში კანონმდებელთა ნაწილი და სომხური დიასპორა მხარს უჭერდა გენოციდის აღიარებას.

ამერიკული მედია წერდა, რომ ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეიძლებოდა ბაიდენს ეღიარებინა სომეხთა გენოციდი, იყო ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში სიტყვა “გენოციდის” პირდაპირი გამოყენება, რასაც ერიდებოდნენ მისი წინამორბედი პრეზიდენტები და ამის ნაცვლად იყენებდნენ სხვადასხვა ფრაზებს, მაგალითად, “ბნელი მომენტი ისტორიაში”.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტმა წევრმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნა საერთო წერილი, სადაც მოუწოდეს, რომ აღიაროს სომეხთა გენოციდი.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრის, ადამ შიფის განცხადებით, “სამარცხვინო სიჩუმე, რომელსაც ამერიკის მთავრობა იჩენს სომეხთა გენოციდის ისტროიული ფაქტის მიმართ, უკვე ძალიან შორს წავიდა და აუცილებლად უნდა დასრულდეს”.


ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდი 2019 წელს, სირიაში თურქეთის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების პარალელურად, აღიარა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია სენატის კენჭისყრამდე არ მისულა. რეზოლუცია რესპუბლიკელმა ლინდი გრემმა დაბლოკა.

ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ადგილი ჰქონდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გენოციდს. თურქეთი ტრადიციულად მწვავედ აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ სომეხთა გენოციდს.

ამავე თემაზე

რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება

მასალების გადაბეჭდვის წესი