ნეტგაზეთი | აქტივისტთა ცნობით, თბილისში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს აქტივისტთა ცნობით, თბილისში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს – Netgazeti
RU | GE  

აქტივისტთა ცნობით, თბილისში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს

აქტივისტების ინფორმაციით, 23 აპრილის ღამით თბილისში ლესბოსელ წყვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ცნობით, მომხდარში ფიგურირებს კაცი, რომელიც წყვილის მიერ ნაქირავები ბინის მეპატრონის ქმარია. შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, თუმვა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ ინციდენტისას იყო ჰომოფობიური შეძახილებიც.

რა მოხდა? — აქტივისტის მონაყოლი

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე აქტივისტმა გაავრცელა სოციალურ ქსელში. “თბილისი პრაიდის” აქტივისტის, თამაზ სოზაშვილის თანახმად, შემთხვევა ვაკეში, ლესბოსელი წყვილის მიერ ნაქირავებ ბინაში მოხდა. სწორედ სოზაშვილი ესაუბრა ტელეფონით წყვილს ინციდენტის შემდეგ.

აქტივისტი ქალების მონაყოლზე დაყრდნობით “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ნაქირავები ბინის მეპატრონის ქმარი, რომელიც, სავარაუდოდ, მათ მეზობლად ცხოვრობს, წყვილთან დაახლოებით 22:15 საათზე მივიდა და მიზეზად დაასახელა მუსიკის ხმა, რომელიც ქალებს ტელეფონში ჰქონდათ ჩართული.

სოზაშვილის ცნობით, იყო ჰომოფობიური შეძახილებიც ქალების მიმართ.

” 21:15 საათზე მივარდა ეს ადამიანი მანდ იმიტომ, რომ მობილურში, საკუთარ სახლში [ქალებს] ჰქონდათ ჩართული მუსიკა. მუსიკა არ იყო ხმამაღლა, რომ ვინმე შეეწუხებინა. მით უმეტეს, ეს ხდებოდა 23:00 საათამდე და არც ხმის გამაძლიერებლები ყოფილა ჩართული.

როგორც თვითონ მითხრეს, თავდაპირველად გამოკვეთილი არ იყო ჰომოფობიური მოტივი. დაიწყო ჯერ ვითომ, რომ მუსიკის გამო მიუვარდა, მერე იყო ლანძღვა, რომ უნდა გაეთრიონ, გადასახლდნენ… ამას მოჰყვა უკვე ჰომოფობიური შეძახილები”, — დასძენს სოზაშვილი.

აქტივისტის ცნობით, შელაპარაკებით დაწყებული ინციდენტი გამწვავდა და “კაცი ფიზიკურად გაუსწორდა ორივე გოგოს”.

“მათ შორის, წიხლები ურტყა ერთ-ერთს ისე, რომ როგორც თვითონ თქვა, გონება დაკარგა. ორივეს დასჭირდა სასწრაფო”, — ეუბნება აქტივისტი “ნეტგაზეთს”.

სოზაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულებს ჰქონდათ ნაკაწრები, ასევე, “სილურჯეები და სიწითლეები ხელებზე და ყელის არეში”.

პრეტენზია პოლიციის მიმართ

წყვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, აქტივისტის თქმით, სამართალდამცავები არასათანადოდ რეაგირებდნენ ქალების კითხვებზე და თავდაპირველად არ წერდნენ შემაკავებელ ორდერს:

“პრობლემა იყო ის, რომ შემაკავებელ ორდერს არ წერდნენ. პრობლემა იყო ისიც, რომ მე რაც მესმოდა [ტელეფონში], ძალიან უხეშად ესაუბრებოდნენ გოგონებს [პოლიციელები]. მაინტერესებდა, რომ ეკითხათ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება, გადმოიყვანეს თუ არა განყოფილებაში მოძალადე…

ამ კითხვებზე, იმ მომენტში, შსს-ს თანამშრომლები დაზარალებულებს არ პასუხობდნენ, ძალიან აგრესიულად და უხეშად [რეაგირებდნენ] ყველაფერზე და იქით სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ აგრესიული ფორმებით, როგორც სჩვევიათ. ამ დასტრესილ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს კიდევ არამეგობრულ, არასენსიტიურ გარემოში უწევდათ ყოფნა”.

თამაზ სოზაშვილის თქმით, ღამით ადვოკატის პოვნა გაჭირდა. საბოლოოდ, იურისტი იპოვეს, თუმცა ტრანსპორტის პრობლემის გამო მან პოლიციის განყოფილებამდე მისვლა ვერ შეძლო. ამავე პრობლემას წააწყდა თავად აქტივისტიც.

“ამჟამად გოგოები სახლში არიან. გამოიწერა შემაკავებელი ორდერიც, რამდენადაც ვიცი. რომ დაისვენებენ ცოტას და შემდეგ უკვე ადვოკატთან ერთად მივლენ გამოკითხვაზე”, — დასძენს ის.

სოზაშვილი აცხადებს, რომ რეაგირება მსგავსი ინციდენტების მიმართ არამართლზომიერია. ის იხსენებს მიმდინარე კვირაში მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას, რომლის დროსაც ასევე ლესბოსელ წყვილს და დაესხნენ თავს. ბრალდებული 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“აღმაშფოთებელია ძალადობის მომატებული ფაქტები, რაც ქალებზე ბოლო პერიოდში ხორციელდება. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია შსს-ს და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობა.

ვხედავთ უმძიმეს დანაშაულებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, არამართლზომიერი სასჯელების მთელ კასკადს. გუშინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ადამიანი უყო, ფაქტობრივად, მწვანე შუქი მოძალადეებისთვის”, — აღნიშნავს აქტივისტი.

შსს-ს პასუხი

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, კაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან