ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” წყვილის ადვოკატმა, ცირა ჯგერენაიამ დაუდასტურა.
ადვოკატის ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულმა გირაოს თანხა უკვე გადაიხადა და ის თავისუფალია. ამასთან, მისივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატორის შუამდგომლობის მიუხედავად მიიღო, რადგან პროკურატურა ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სარისკოა, რადგან ბრალდებული იმავე სადარბაზოში ცხოვრობს, რომელშიც სავარაუდო მსხვერპლები.
“გირაოს პირობაში წერია, რომ ბრალდებულს ორივე მათგანთან მიახლოება ეკრძალება და არის შემაკავებელი ორდერებიც გამოცემული, სადაც წერია, რომ წყვილთან მაიხლოება აქვს აკრძალული, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან ერთ სივრცეში იმყოფებიან ბრალდებული და მსხვერპლი. შესაძლებელია სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ან სპეციალურადაც, ამას ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ საფრთხე ძალიან მაღალია. შესაძლოა წყვილი იძულებული გახდეს საცხოვრებელი ადგილი დატოვოს და კიდევ დამატებითი პრობლემები შეექმნას. მიმაჩნია, რომ უფრო რელევანტური იქნებოდა, სასამართლოს ამ შემთხვევაში პატიმრობა გამოეყენებინა, რადგან ძალიან მაღალია ესკალაციის რისკი”, – განმარტა ღგერენაიამ.
თავდასხმაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაში საფრთხეებს ხედავს Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აქტივისტი ნინო ბოლქვაძეც. მისი განამრტებით, სახიფათოა ბრალდებულის ყოფნა საპატიმროს გარეთ , მით უმეტეს, იმის ფონზე, როდესაც სავარაუდო მსხვერპლები და თავდამსხმელი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების გათვალისწინებით, მაღალია დანაშაულის ჩადენის რისკიც:
“რა თქმა უნდა, წყვილს აქვს კითხვები სამართალდამცავების და სახელმწიფოს მიმართ, არიან თუ არა უსაფრთხოდ ახლა ისინი და ამაზე პასუხი არ არსებობს. ამაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს და შეეფასებინა, რადგან სიძულვილით მოტივირებული ინციდენტები და დანაშაული გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით და აგრესიით. პრაქტიკიდანაც ვიცით, რომ ჰომოფობმა ადამიანებმა შეიძლება განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინონ დანაშაული და, ვფიქრობ, აქ სასამართლომ შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განსაზღვრა”, – განმარტა ბოლქვაძემ “ნეტგაზეთთან”
მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აჩენს ეჭვებს, რომ ბრალდებულს საბოლოოდ არ მიუსჯიან პატიმრობას და მხოლოდ ჯარიამს დააკისრებენ.
21 აპრილს ორგანიზაცია Tbilisi Pride-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა 20 აპრილს მოხდა, თავდამსხმელი კი მეზობლად მცხოვრები 35 წლის კაცია. შსს-მ გუშინვე განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო- 150-ე (იძულება); 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა). ორგანიზაცია უწყებას მოუწოდებდა, გამოეკვეთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები.