ახალი ამბები

გუდაურში საბაგიროზე მოქალაქეების დაშავების საქმეზე ბრალი 2 პირს წაურდგინეს

23 აპრილი, 2021 • 1161
გუდაურში საბაგიროზე მოქალაქეების დაშავების საქმეზე ბრალი 2 პირს წაურდგინეს

საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ორ პირს ბრალი წაუყენა.

ე.წ. საძელეს მთაზე საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულები არიან შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” მემანქანე-ოპერატორებ ვ.ო. და ლ.წ.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ საძელეს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა:

“საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა – შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” თანამშრომლებმა – ვ.ო-მ და ლ.წ-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს”, — აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ ვ.ო-ს და ლ.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს შესაბამის ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2018 წლის 16 მარტს, გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი საბაგირო, რის გამოც 10-მდე ადამიანი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი