ახალი ამბები

დავაკავეთ კაცი, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა — შსს

23 აპრილი, 2021 • 894
დავაკავეთ კაცი, რომელიც ბავშვებზე ძალადობდა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელიც ფიზიკური და ფსქიოლოგიური ძალადობის გამოყენებით ბავშვებს მოწყალების თხოვნასა და წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა.

უწყების თქმით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

განცხადებასთან ერთად, შსს ბრალდებულისა და არასრულწლოვნის საუბრის ფარულ ჩანაწერსაც აქვეყნებს, სადაც ისმის, თუ როგორ ემუქრება კაცი ბავშვს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ბავშვი კი მას სთხოვს, რომ სათამაშოდ გაუშვას.

„ვერ ვყიდი მე მეტს, წამიყვანეთ სხვაგან… ბავშვები თამაშობენ, მე დებილივით ვარ სახლში, ვგდივარ, სალფეთქებზე მივდივარ, ვმათხოვრობ, ვყიდი… ბავშვები თამაშობენ, აღარ მინდა, აღარ მინდა იქ სიარული“, — ამბობს ბავშვი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი