ნეტგაზეთი | შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე მელიაზე შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე მელიაზე – Netgazeti
RU | GE  

შეთანხმებისას არანაირ თავდებობაზე საუბარი არ ყოფილა – სამხარაძე მელიაზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას „არანაირ თავდებობაზე არავის მიერ საუბარი არ ყოფილა“.

22 აპრილს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ იქ გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობისას ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება ევროპელი პარლამენტარები მიერ მელიას თავდებში დადგომა, „რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა ამ იდეას „საინტერესო“ უწოდა; იმავე საღამოს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების ჩადგომაზე.

თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში იმავე საღამოს განაცხადა:

„შეთანხმება შედგა პოლიტიკურად აღქმულ ორ საქმეზე. მელიას საქმეზე იყო შეთნხმება, რომ 19-21 ივნისის მოვლენების შესახებ გამოცხადდებოდა ამნისტია. მომავალ კვირაში დაინიცირდება ეს საკითხი, როდესაც პარლამენტში შემოვა ოპოზიციაც. ხოლო რადგან გიორგი რურუას ამნისტია ვერ შეეხებოდა, რადგან მისი საქმე 19-21 ივნისის მოვლენებს არ ეხება, აქედან გამომდინარე [ჩაიწერა] შეწყალება“.

„შეთანხმების დროს, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არანაირ თავდებობაზე არავის მიერ საუბარი იქ არ იყო. იქ იყო საუბარი გირაოზე ან ამნისტიაზე“.

შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ფრაზა — „და/ან ისეთი ზომების გამოყენება“, ნიკა მელიას საქმეზეც გამოიყენონ, თქვა: „არა მგონია, ეს შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო“.

მზად ვართ, განვიხილოთ – კუბილიუსი მელიას თავდებში ჩადგომაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com