ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ არსებობს მზადყოფნა ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების ჩადგომაზე.
„თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ“, განაცხადა კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში 22 აპრილს.
„ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ საქართველოს ძალიან ბევრ მეგობარს, რომელსაც სურვილი აქვს თავდებში დაუდგნენ და პირადი გარანტიები გასცენ“, – განაცხადა მან [თარგმანი ტელეკომპანია ფორმულას ეკუთვნის].
რამდენიმე საათით ადრე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, განაცხადა, რომ იქ გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობისას ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება ევროპელი პარლამენტარების მიერ მელიას თავდებში დადგომა, „რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა ამ იდეას „საინტერესო“ უწოდა.
ხაზარაძის თანახმადვე, მელიას თავდებში ჩადგომაზე მზაობა ასევე გამოთქვა ევროპარლამენტარმა რიხო ტერასმა.